საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. 

პლენარულ სხდომა მისასალმებელი სიტყვით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ გახსნა.

 

„დღეს ვასრულებთ საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესიას. საქართველომ მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ქართველმა ხალხმა მკაფიო არჩევანი გააკეთა - რომ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებას ეკუთვნის“,- განაცხადა პაოლო ალიმ და საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციასა და მის ხელმძღვანელს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„თბილისში ყოველი ვიზიტისას, ვხედავ, როგორია საერთო სულისკვეთება - ქართველი ხალხი გრძნობს, რომ მათი ბედისწერა და მომავალი ევროკავშირსა და ნატოსთან ერთადაა. ვიზიტის ფარგლებში ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ამაყია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მასპინძლობით და ასევე, ასამბლეაც ამაყია, რომ სესიას საქართველომ უმასპინძლა“,- აღნიშნა ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ბოლო 15 წელია, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ნატოს საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრიბუციაზე საერთაშორისო უსაფრთხოებაში და აღნიშნა, რომ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი დონის პროფესიონალიზმისა და ნატოში ინტეგრაციისთვის მზაობის დემონსტრირება მოახდინეს.

 

პაოლო ალიმ ქართველ სამხედროებს გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოება იმ ჯარისკაცების ვალშია, რომლებმაც მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შესახებაც და განაცხადა, რომ ნატო მხოლოდ თავდაცვის ალიანსი არ არის - ეს არის ხალხთა ერთობა, რომლებსაც დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებების, მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ღირებულებები აერთიანებთ. მისივე განცხადებით, ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ამ საერთო ღირებულებებს იზიარებს.

 

ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებმა დაადასტურა დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის მიდრეკილება. როგორც პაოლო ალიმ აღნიშნა, ამ გზაზე ქართველების მხარდაჭერა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

 

პაოლო ალის განცხადებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეა სისტემატიურად გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას. მისი თქმით, რუსული ანექსია მიუღებელია.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, დეკლარაცია, რომელსაც დღეს, საგაზაფხულო სესიის პლენარულ სესიაზე მიიღებენ, არის ძლიერი მხარდამჭერი განაცხადი დემოკრატიული და სუვერენული საქართველოს მიმართ, რომლის მომავალიც ნატოშია.

პაოლო ალიმ იმედი გამოთქვა, რომ დეკლარაცია ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნება მიღებული. ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასამბლეა, საქართველოს მხარდაჭერაში, ერთსულოვანია.

 

პაოლო ალიმ ისაუბრა მონტენეგროს ნატოში ინტეგრაციის შესახებაც და განაცხადა, რომ მონტენეგროს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის წარმატება საქართველოსთვისაც, რადგან ეს არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ნატოს კარი ღიაა და არანაირ საგარეო ზეწოლას წევრობის მიზნის განხორციელებისთვის ხელის შეშლა არ შეუძლია.

 

პაოლო ალის განცხადებით, ნატო ზრდის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში და აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან. ასამბლეის პრეზიდენტმა ისაუბრა ტერორიზმთან ბრძოლისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე არსებული სხვა გამოწვევების შესახებაც და აღნიშნა, რომ ნატო უსაფრთხოების გარანტორად რჩება.

 

პაოლო ალიმ ისაუბრა გლობალურ უსაფრთხოებაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როლისა და მნიშვნელობის შესახებ.

ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ერის მისწრაფება ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციიისთვის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული იდენტობის სულისკვეთება - ყველასთვის შთამაგონებელია. პაოლო ალიმ საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადა.

დამსწრეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.


„ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო განგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა თბილისში დიდი დატვირთვის მატარებელია როგორც სიმბოლური, ისე პრაქტიკული პოლიტიკური თვალსაზრისით.

 

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო.

„მინდა გამოვხატო მადლიერება ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ნატოში გაწევრიანების სურვილი. ნატოს ცალკეული წევრები დახმარებას გვიწევდნენ თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. უელსისა და ვარშავის სამიტების შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ახლო მომავალში ნატო-სთან სტრატეგიული დაახლოების ახალ ეტაპზე გადაიყვანს,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო საქართველოსათვის არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ, თავისუფლების იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაზიარებლად საუკეთესო პლატფორმაა.

 

მისი თქმით, „ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ნატოსა და ევროკავშირის ახლად გაწევრიანებულმა და კანდიდატმა სახელმწიფოებმა ბევრად მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა მიიღეს, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარი თქვეს დასავლურ ინტეგრაციაზე. ჩვენ, ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ღიად გამოვხატეთ სურვილი, ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე.“

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განტკიცება ნათლად წარმოაჩენს ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოლიტიკურ ნებას და არჩევანს, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

 

„მოხარული ვართ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს დაახლოების პროცესი დინამიურად წარიმართება. დღეს ქართველი სამხედროები გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ხელისუფლება ახერხებს საქართველო სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების მოდელად აქციოს რეგიონში. თანამედროვე ქართული სახელმწიფო ეფუძნება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა - დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, შემწყნარებლობას, ჰუმანურობას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება რუსული პოლიტიკისგან გამომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამის საპასუხოდ, ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სახელმწიფოებრიობა და მსოფლიოს წამყვან გაერთიანებებში გაწევრიანდეს.

 

„ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიით და ბოლოს, მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში აპრობირებული მეთოდებით დღეს მოსკოვი ცდილობს ადამიანები და ხალხები დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

მისასალმებელ სიტყვაში ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის უმთავრესი მიზანი ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა.

 

„ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში განვამტკიცოთ დემოკრატია, ჩამოვაყალიბოთ კონსოლიდირებული და სტაბილური პოლიტიკური სისტემა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ავტოკრატია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ორი ათწლეულის განმავლობაში უამრავი პრობლემა შეუქმნა. საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ საპარლამენტო დემოკრატიად. ამგვარი საქართველო იქნება სასურველი და მტკიცე პარტნიორი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით,“ - განაცხადა პალამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძემ დღევანდელი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე მდგომ თანამედროვე გამოწვევებზე, საინფორმაციო ომებზე და კონვენციური სამხედრო დაპირისპირების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ღირებულებები, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულება და ყოველდღიური მჭიდრო თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმისა, რომ ნატო სათანადოდ გაუმკლავდეს ყველა სირთულეს და საერთაშორისო უსაფრთხოების ქვაკუთხედად დარჩეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში სტუმრობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და გამოსვლა ნატოს პირველი გენერალური მდივნის, ჰეისტინგს ისმეის სიტყვებით დაასრულა: „ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო“.

 

„ჩვენი ამოცანაა, გავერთიანდეთ თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად,“- მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს.

 

„ჩვენ მოთმინებით ველით იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით, ეს დღე მალე იქნება, ამ დღემდე მივალთ მშვიდობით და სიმტკიცით და ამ დღის მერე, როგორც საქართველო, ასევე ალიანსი იქნება უფრო ძლიერი, უფრო მდგრადი, უფრო მტკიცე თავის რიგებში” -საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მან საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ალიანსის ამ ჟესტს დღეს ხედავენ, როგორც საქართველოს მოკავშირეები, ასევე საქართველოს არამეგობარი ქვეყნები.

 

საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, ნატო - საქარათველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე და მსოფლიო სტაბილურობის დაცვის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

 

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა, საქართველოს წინაშე დგას გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნების სტაბილურობას, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ყოფის ხარისხს, რომელიც საშიშროებას უქმნის ცივილიზებული სამყაროს მიერ დამკვიდრებულ ღირებულებებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, იმ გამოწვევებს, რაც არის ალიანსის წინაშე და იმ ქვეყნების და ხალხების წინაშე, რომლებიც თავის განვითარების გზად თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სხვათა პატივისცემა აღიარა- ერთად უნდა გავცეთ უაღრესად კოორდინირებული პასუხი.

 

„საქართველო ამ პროცესში ნამდვილად არის პასუხისმგებლიანი მოთამაშე. ეს პასიხისმგებლიანი მიდგომა გლობალური მშივიდობის მიმართ, ჩემმა ქვეყანამ გამოავლინა დაახლოებით 20 წლის წინ. 26 წელია, რაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღდგა და მას შემდეგ, რაც რეალურად შეიქმნა და გაძლიერდა საქართველოს შეიარაღებული ძალები, ჩვენ ყოველთვის ვიდექით ჩვენს მოკავშირეებთან ერთად და ვიცავდით გლობალურ სტაბილურობას'', - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო დღეს არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ჰყავს ეთნიკური ნიშნით დევნილი მოსახლეობა.

„ბუნებრივია, ყოველივე ის, რაც მოგახსენეთ არის ფასი, რომელიც ჩვენ აი ამ თავისუფალი არჩევანისთვის გადავიხადეთ. ჩვენ ვახორციელებთ უაღრესად სტაბილურ და რაციონალურ პოლიტიკას იმისთვის, რომ არ გავაღრმავოთ კრიზისი და რეგიონისთვის ვიყოთ ერთერთი სტაბილურობის შემომტანი და გარანტი. ამ თვალსაზრისით, დემოკრატიის, ეკონომიკური გაძლიერების, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა ნამდვილად ქმნის იმ ფონს, რომელზეც საქართველო აძლევს შესაძლებლობას რეგიონს, რომ უფრო ფართოდ და მშვიდობიანად განვითარდეს” - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

 

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში ჩატარება, რომელიც ემთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თქვენი მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირებაა. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ევროატლანტიკური საზოგადოება რთული გამოწვევების წინაშე დგას,“-მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მონაწილეებს.

 

გიორგი კვირიკაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება არის ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის ნება და უჭერენ ქვეყნის ძირითადი პოლიტიკური პარტიები უჭერენ მხარს.

 

პრემიერმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ქართული სახელმწიფოს პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ დიდი ხანია დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

„ნატო-საქართველოს კომისიის მეშვეობით, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი ალიანსთან და მივაღწიეთ პრაქტიკული თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეს, ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობა, რასაც ემატება შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის უფლება, ისტორიული მოვლენაა, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს საქართველოს ევროპასთან. ”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავის გამოსვლაში დეტალურად ისაუბრა იმ მიღწევებზე რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რეფორმების გზაზე აქვს.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება იმ გამოწვევებზე გაამახვილა, რომელთა წინაშეც ქაართული სახელმწიფო დგას და აღნიშნა, რომ პასუხი ამ გამოწვევაზე მეტი დემოკრატიზაცია, მეტი ეკონომიკური განვითარება და მეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

 

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებსაც, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას. რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს 20 პროცენტის ოკუპაცია და მილიტარიზაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე მეტი დემოკრატიზაცია, მეტი ეკონომიკური განვითარება და მეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

„დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმების, ნატოში ინტეგრაციისა და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას,”- განაცხადა, გამოსვლის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ასამბლეის წევრებს მიმართა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, როუზ გოტემიულერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მყარად დგას განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ქართველ ხალხს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლისთავი მიულოცა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რესურსის გაძლიერების, პარტნიორობის მნიშვნელობის, ტერორიზმთან ბრძოლისა და ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ ისაუბრა. როუზ გოტემიულერმა განაცხადა, რომ მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანება აშკარა ნიშანია, იმისა, რომ ნატოს კარი ღიაა.

„ეს არის აშკარა ნიშანი იმისა, რომ ნატოს კარი ნამდვილად ღიაა მათთვის, ვინც იზიარებს ნატოს ფასეულობებს, ვინც ჩვენს სტანდარტებს შეესაბამება და ვისაც უნდა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმიანობაში. თბილისში ეს შეხვედრა არის სწორედ ამის დამადასტურებელი“,- განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

როუზ გოტემიულერმა ისაუბრა ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებაც და განაცხადა, რომ საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და დაფასებული პარტნიორია.

 

„არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც აძლიერებს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს და ასევე, მას გზას უხსნის მომავალი წევრობისთვის. საქართველო არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო და დაფასებული პარტნიორი, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიებში და გვეხმარება, რომ მეტი ინფორმაცია გვქონდეს უსაფრთხოების სიტუაციაზე შავი ზღვის რეგიონში“,- განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

 

როუზ გოტემიულერმა შეკითხვებსაც უპასუხა.

 

 

წყარო

29-05-2017