საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს მხარდამჭერის დეკლარაცია მიიღეს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში თბილისი მასპინძლობდა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერის დეკლარაციის მიღებით დასრულდა.

დეკლარაციის პროექტის წარდგენისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, რასა იუკნევიციენესმა 1918 წელი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 99 წლის წინ საქართველო აღსდგა რუსეთის იმპერიის ნანგრევებიდან და როგორც დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სწრაფად დაიმკვიდრა თავი, რომელსაც მრავალპარტიული და პროგრესული საპარლამენტო სისტემა ჰქონდა. სამწუხაროდ, 1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლით, საქართველოსთვის ევროპული მომავლის პერსპექტივა დაიმსხვრა. იმ დროს, თავისუფალი სამყაროდან დახმარების ხელის გაწვდომა არავის უცდია და საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობა დასრულდა.

„დაახლოებით ასი წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ცხოვრობს დიდი არამეგობრული მეზობლის ჩრდილში, რომელსაც მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს დაკავებული და აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპულ, დემოკრატიულ ოჯახში დაბრუნებას, მაგრამ ერთი რამ კი შეიცვალა - ეხლა ჩვენ გვაქვს ჩვენი დიდი ჩრდილოატლანტიკური კავშირი, რომელსაც თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობები და ღია კარის პოლიტიკა აქვს. საქართველოს მოსახლეობა და ქვეყნის ლიდერები გაერთიანებულნი არიან თავის განზრახვაში შეუერთდნენ ამ კავშირს და განუხრელად ასრულებენ რეფორმების იმ დღის წესრიგს, რომელიც ამ პროცესისთვის არის საჭირო. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ნატოს მიერ ორგანიზებულ ოპერაციებში და ეს სერიოზული ძალისხმევაა. ეს დეკლარაცია არის გამოხატულება ასამბლეის უკვე დიდიხნით ადრე დაწყებული სოლიდარობისა, რომელსაც ჩვენ ვუცხადებთ საქართველოს. დეკლარაცია ხაზს უსვამს თანამშრომლობის იმ ინსტრუმენტებს, რომელიც საქართველოს და ნატოს შორის არსებობს“, - განაცხადა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.

დეკლარაციის პროექტის ტექსტში საქართველოს დელეგაციამ ცვლილების შეტანა მოითხოვა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა. ცვლილების თანახმად, დეკლარაციის მეთვრამეტე პუნქტს დამატებითი პარაგრაფი ემატება, რომლის მიხედვითაც, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მოქალქეებს „შესაძლებლობა მისცეს თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის ადმინისტარციულ სასაზღვრო საზღვრის გასწვრივ“.

 

ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება სრულად იქნა გაზიარებული. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით საპარლამენტო ასამბლეის პლენარულმა სხდომამ კენჭი უყარა დეკლარაციის პროექტს და სრული უმრავლესობის მხარდაჭერით, მხარი დაუჭირა მის მიღებას.

 

იხილეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის თაობაზე:

deklaracia_geo.pdf :/ - გადმოწერა / გახსნა

 

წყარო

 

 

29-05-2017