საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ესტონეთში მასწავლებლებისთვის სასწავლო ვიზიტი დაიწყო

28 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, ესტონეთში მასწავლებლებისთვის სასწავლო ვიზიტი დაიწყო. ვიზიტი პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულებისთვის მიმდინარეობს, რომლის მიზანიცაა მასწავლებლების ინფორმირება ესტონური განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების შესახებ და ამ კუთხით ესტონური გამოცდილების გაზიარება.

 

მასწავლებლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი მასპინძლობს. პედაგოგები უკვე შეხვდნენ ცენტრის დირექტორს იან რეინჰოლდს, რომელმაც საქართველოში მიმდინარე რეფორმებში ესტონეთის დახმარებაზე, ქართულ-ესტონურ ურთიერთობებსა და პროგრესზე ისაუბრა.

 

28 მაისს ვიზიტი ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საინფორმაციო შეხვედრით დაიწყო, სადაც მონაწილეები ესტონეთის განათლების სისტემას, მისი ფუნქციონირების თავისებურებებსა და პრაქტიკას გაეცნენ. მონაწილეები ესტონური განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, სიახლეებსა და სწავლების სპეციფიკას ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებით დეტალურად გაეცნობიან.

 

პედაგოგები ესტუმრნენ ესტონურ საჯარო სკოლებსა და გიმნაზიებს, სადაც დაწყებით, საშუალო და მაღალ საფეხურებზე სწავლების მეთოდებზე, ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე მიიღეს ინფორმაცია. მასწავლებლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს აქვთ საშუალება დაეუფლონ როგორც სხვადასხვა საგანს, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს სპორტის, ჭრა-კერვის, ძერწვის, ინჟინერიის, კულინარიისა და სხვა აქტივობების მიმართულებით. გამოითქვა სურვილი სამომავლო თანამშრომლობისა და ესტონურ-ქართული სკოლების დამეგობრების შესახებ.

 

შეხვედრა შედგა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც მასწავლებლები შეხვდნენ ქართველ სტუდენტებსაც. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ უნივერსიტეტის  სასწავლო პროგრამებსა და უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობებს.

 

პირველი დღის ვიზიტი ესტონეთში საქართველოს საელჩოში ვიზიტით დასრულდა, სადაც პედაგოგებს ელჩმა თეა ახვლედიანმა უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთის ურთიერთობებზე, სხვადასხვა პროექტზე, ესტონურ და ქართულ სკოლებს შორის თანამშრომლობის დამყარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

 

სასწავლო ვიზიტი განათლების საინფორმაციო ტექნოლოგიის ფონდში (HITSA) გაგრძელდა. შეხვედრაზე ესტონეთში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური უნარების განვითარებაზე, ამ უნარების მნიშვნელობაზე, აიტი-სპეციალისტების მომზადებაზე, ესტონეთში ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებსა და როლზე ესაუბრნენ. მასწავლებლები პრაქტიკულ სამუშაოებშიც ჩაერთვნენ და თავად შეძლეს გაეგოთ, როგორ სწავლობენ მოსწავლეები ტექნოლოგიური მეთოდებით.

 

ვიზიტი 1 ივნისს დასრულდება. დაგეგმილია  შეხვედრები ქალაქ ტარტუს სხვადასხვა სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

სასწავლო ვიზიტი პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულებისთვის იმართება. პროექტი მეოთხე წელია ხორციელდება და მასში გამარჯვებული მონაწილეები გამოცდილების გაზიარების მიზნით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მიმეგზავრებიან.

სასწავლო ვიზიტი ტალინში წელს მეორეჯერ ხორციელდება, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

30-05-2017