საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ქართული ქაფშია ევროკავშირის ბაზარზე დაიშვება

შავი ზღვის ქართულ აკვადორიაში მოპოვებული ქაფშია (ხამსა) რიგით მე-3 ცხოველური წამოშობის პროდუქტი იქნება, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა. გადაწყვეტილება ევროკავშირის ადამიანის ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის დირექტორატმა ოფიციალურად 20 ივნისს გამოაქვეყნა.

ქართული კომპანიები ევროკავშირის ექსპორტისთვის ორი წელია ემზადებიან. ამ პერიოდში თევზის მწარმოებლებმა ქარხნების გადაიარაღება და სურსათის საერთაშორისო ჰიგიენის სტანდარტის (HACCP) დანერგვაც შეძლეს. ევროკავშირის მხრიდან ქართული თევზის საწარმოების განვითარებას DG SANCO - (Directorate General Health and Consumers Affairs) აკვირდებოდა და საქართველოში ორი ვიზიტისა და შუალედური დასკვნების შემდეგ, ქაფშიას მწვანე შუქი აუნთეს.

 

DCFTA-ს შესახებ საინფორმაციო საიტის პრეზენტაციაზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქაფშიასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება გააჟღერა: „ხვალ ევროკავშირი გამოაცხადებს შავი ზღვის თევზის ევროპულ ბაზარზე დაშვებას, რაც მეორე ცხოველური წარმოშობის პროდუქტი იქნება თაფლის შემდგომ, რომელსაც გაეხსნება წვდომა ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსს კახა სოხაძის ინფორმაციით, ქაფშია არის რიგით მე-3 ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, რომელმაც ევროპულ ბაზარზე შესვლის უფლება მოიპოვა: „ქაფშია არის მესამე ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, მატყლისა და თაფლის შემდეგ, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე შევა, ამ შედეგის მისაღწევად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი ძალისხმევა გასწია. მეოთხე პროდუქტი, ალბათ, აკვაკულტურებიდან იქნება (ტბორის თვზები, კალმახი და სხვა) “, - განაცხადა კახა სოხაძემ.

 

ოფიციალური გადაწყვეტილება იხილეთ ბმულზე

წყარო

19-06-2017