საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საერთაშორისო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" 30 ივლისს ოფიციალურად დაიწყება

30 ივლისს ვაზიანის აეროდრომზე ნატოს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ერთობლივი მონაწილეობით სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017" ოფიციალურად გაიხსნება. სწავლების აქტიური ფაზა 12 აგვისტოს, ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი წვრთნით დასრულდება.  ,,ღირსეული პარტნიორი 2017“ საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. წელს სწავლებაში  2800-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და საქართველოდან.

 

,,ღირსეული პარტნიორი 2017“ აშშ-ის ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლებების ციკლის ნაწილია, რომელიც 7 ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება. ამჟამად მიმდინარეობს საერთაშორისო სწავლებები ,,SABER GUARDIAN 2017“ ბულგარეთში, რუმინეთსა და უნგრეთში, ხოლო ,,SEE BREEZE” - უკრაინაში. სწავლებებში სულ 50 000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ერთი ქვეითი ასეულის და ერთი ოცეულის შემადგენლობითაა ჩართული. ამ სწავლებების გაგრძელებაა ,,NOBLE PARTNER 2017“.

 

„Noble Partner 2017"-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.

 

„ღირსეული პარტნიორი 2017“-ში მონაწილე ამერიკული მძიმე ტექნიკის ნაწილი უკვე ვაზიანშია. ამერიკული მძიმე ტექნიკა ფოთის პორტიდან ვაზიანში სარკინიგზო გზით ჩამოვიდა. ემ-1 ა-2 ტიპის ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები" -ის ვაზიანში ეშელონებიდან გადმოტვირთვას საქართველოს სახმელეთო ჯარების არმოსავლეთ სარდალი, სწავლების ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე დაესწრო.

 

მრავალეროვნული სწავლება „Noble Partner 2017"-ს საქართველოს შეიარაღებული ძალები და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა ვაზიანის პოლიგონზე მესამედ ჩაატარებს. საერთაშორისო სწავლებაში მონაწილეობას საქართველო შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები, დიდი ბრიტანეთის სადესანტო ასეული, გერმანიის ბუნდესვერის მექანიზებული ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი, უკრაინის ერთი ქვეითი ოცეული, სომხეთის სამედიცინო ასეული (საველე ლაზარეთი), სლოვენიის ქვეითი ოცეული და უზრუნველყოფის ჯგუფი და თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან 4 ოფიცერი მიიღებს მონაწილეობას.

 

 

 

 

 

 

27-07-2017