საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტის "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები" ფარგლებში ტრენერთა სკოლა დაიწყო

3-5 ოქტომბერს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ახალგაზრდებისთვის, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ტრენერთა სკოლა იმართება.


სკოლა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA)-ს ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან ჭანტურიამ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) -ის წარმომადგენელმა თამარა სირბილაძემ გახსნეს.


სკოლა პროექტის „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ ფარგლებში იმართება, რომლის მიზანიცაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო ქართლი) საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ტრენერთა სკოლის მონაწილეები სამი დღის განმავლობაში შეხვდებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და მოწვეულ ექსპერტებს და მოისმენენ ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, ევროპული ღირებულებების, ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებისა და მისწრაფებების შესახებ.


პროექტის შემდეგ ეტაპზე კი თავად გახდებიან თავიანთ რეგიონებში აღნიშნული საკითხებზე ინფორმაციის გამავრცელებლები.
პროექტი ორგანიზებულია სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” (PITA) მიერ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

03-10-2017