საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რეგიონული საინფორმაციო კამპანიის "ევროპა სახლია" პრეზენტაცია

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგიონული საინფორმაციო კამპანიის - „ევროპა სახლია“ პრეზენტაცია გაიმართა. რეგიონული საინფორმაციო კამპანიის მიზანია საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი მაღალმთიან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე, კოფლიქტურ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უვიზო მიმოსვლის შესახებ ინფორმირება.

 

კამპანიის თავდაპირველ ეტაპზე გაიმართება ტრენერთა ტრენინგი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც კამპანიის მეორე ეტაპზე რეგიონებში ჩაატარებენ საინფორმაციო შეხვედრებს და უვიზო მიმოსვლით სწორად სარგებლობის პროცედურებს გააცნობენ ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრებზე, დარიგდება საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც ითარგმნა და გამოიცა, ასევე გავრცელდება სპეციალურად ამ საკითხებზე შექმნილი ვიდო-რგოლები.

 

კამპანია იმართება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან და საინფორმაციო ცენტრთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ პარტნიორობით. კამპანიის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირი, ,,ღია საზოგადოების ფონდები“ და სს ,,ლიბერთი ბანკი,“ ხოლო მისი განმახორციელებლები არიან: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც 60-ზე მეტ რეგიონულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.

09-10-2017