საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რეკომენდაციები ბრიუსელის სამიტისთვის

ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის ცნობით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ნდობის ფონდის შექმნა იგეგმება.

 

კომიტეტის ევროპარლამენტარები მიესალმებიან 2015 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო სამიტის შემდგომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ გატარებულ ძირეულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს. მათი თქმით, ეს სამი ქვეყანა უკვე სარგებლობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლითა და თავისუფალი ვაჭრობით, თუმცა მომდევნო სამიტისთვის დამატებით ახალ რეკომენდაციებს იძლევიან:

  • უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შეიქმნას ნდობის ფონდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება კერძო და საჯარო ინვესტიციებზე სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის სფეროში;
  • ასოცირებული ქვეყნებისთვის, რომლებმაც არსებით პროგრესს მიაღწიეს რეფორმების გატარების კუთხით, შეიქმნას „EaP+” მოდელი, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორებს გაუხსნის გზებს საბაჟო კავშირისკენ, ენერგოკავშირისკენ, ციფრული კავშირისკენ, შენგენის სივრცისკენაც კი და გაუუქმებს სატელეფონო როუმინგ ტარიფებს;
  • მხარს დაუჭერს ეკონომიკურ რეფორმებს, რომლებიც მიზანმიმართული იქნება მონოპოლიების გაუქმებისკენ, ოლიგარქების როლის შემცირებისკენ, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების აღკვეთისკენ;
  • გაგრძელდეს რუსეთზე კოლექტიური ზეწოლა, რათა მოგვარდეს კონფლიქტები აღმოსავლეთ უკრაინაში, აფხაზეთისა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპირებულ რეგიონებსა და დნესტრისპირეთში ;
  • აღმოსავლეთ უკრაინაში განთავსდეს ეუთოს მისია.

აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი სამიტი 2017 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში იგეგმება.

11-10-2017