საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
"მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა ნიშნავს სტაბილურობას ნატოს წევრი ქვეყნებისთვის", - ჯეიმს აპატურაი

ქალაქ ბათუმში საქართველოს რიგით მე-11 თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.


წელს საერთაშორისო ფორუმის საპანელო განხილვები შემდეგ თემებს ეხება: ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ, ტოტალური თავდაცვა, ჰიბრიდული და ასიმეტრიული საფრთხეები, ევროპული უსაფრთხოების მომავალი და ცვალებადი უსაფრთხოების გარემო შავი ზღვის რეგიონში.
კონფერენციის მიზანი არსებულ დინამიურ გარემოსთან საპასუხო ნაბიჯების გააზრება, შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში არსებული საფრთხეებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში ამ რეგიონის მნიშვნელობაზე მსჯელობაა.

 

„ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“ - ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების წლევანდელი კონფერენციის პირველი პანელია.
პანელისტების შეთანხმებით, ვარშავის სამიტის შემდეგ შეკავების პოლიტიკა და მდგრადობის უზრუნველყოფა ნატოს დღის წესრიგში დგას და რომ, ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები უკვე სახეზეა. პანელის უცხოელმა გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ ერთხმად განაცხადეს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და სოლიდარობა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

ლევან იზორიამ თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და ნატოს ახლებურ სტრატეგიებსა და მიდგომებთან მის შესაბამისობაზე ისაუბრა. მინისტრმა განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და აღნიშნა, რომ იმ ქვეყნების წრე, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ უნდა გაფართოვდეს. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.

 

შეკავების პოლიტიკის კუთხით მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა ჯეიმს აპატურაიმ და აღნიშნა, რომ ამ მხრივ მიღებული გადაწყვეტილებები უკვე სახეზეა პოლონეთსა და ბალტიის ზღვის ქვეყნებში, აქტიურადაა ჩართული რუმინეთიც. „ვფიქრობ, რომ აქტიურად უნდა ვიმუშავოთ მეზობელ ქვეყნებთან, რადგან მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობა ნიშნავს სტაბილურობას ნატოს წევრი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა.

 

პანელზე მოხსენებისას თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთი ტერორიზმის საფრთხის წინაშე იმყოფება და ამ კუთხით მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. მან საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების პოლიტიკა არის სწორი გზა და ის აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ნურეთინ ჯანიკლიმ ევროკავშირსა და ნატოს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

 

„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სარდალმა, გენერალ ჯონ ნიკოლსონმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს, ასევე ყველა წევრ და პარნტიორ ქვეყანას ავღანეთში მისიაში მონაწილეობისთვის. „ავღანეთში ჩვენს პარნტიორებთან ერთად ვქმნით სტაბილურობის პირობას. ნატოს სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტი პარტნიორ ქვეყნებთან მისი ურთიერთობაა, რადგან თითოეულ ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - აღნიშნა ამერიკელმა გენერალმა. 

 

წყარო 

12-10-2017