საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო წარმატებით ასრულებს რეფორმებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს

ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში, საქართველოს მიერ "ასოცირების დღის წესრიგით" შესრულებული ვალდებულებები პოზიტიურად არის შეფასებული.

 

"დღევანდელი ანგარიში ნათლად ასახავს იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებისას მიაღწია. ევროკავშირი გააგრძელებს იმ სამუშაოს მხარდაჭერას, რომლის გაგრძელებაც აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით. ევროკავშირი ასევე გააგრძელებს  ჩვენი საერთო ,,ასოცირების დღის წესრიგის“ საფუძვლიან და სისტმატურ განხორციელებას,“ განაცხადა ევროკავშირის საბჭოს უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე–პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.  

 

როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა აღნიშნა,  ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. "2017 წელს, როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაიზრდება. საქართველოს მიერ 2017 წლის ივლისში ენერგოთანამეგობრობის შესახებ შეთანხმებაში სრულად  გაწევრიანება კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველო–ევროკავშირის დაახლოების პორცესში.“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა. 

 

მეორე ერთობლივ ანგარიშში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების საბჭოს 2016 წლის სხდომის შემდეგ. ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველომ განახორციელა რიგი რეფორმები, რომლებიც აძლიერებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, ასევე, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ სხვა მიმართულებებს. მთლიანობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით) გათვალისწინებული ვალდებულებები წინასწარ შეთანხმებული ვადების დაცვითაა შესრულებული. საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდა და ადამიანის უფლებებისა და ანტიდისტრიმინაციულ სფეროში მრავლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო მიღებულია.

 

ეკონომიკური განვითარების სფეროში ანგარიში ხაზს უსვამს იმ სარგებელს, რომელიც ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის სექტემბრიდან – ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის წინასწარი  ამოქმედების დღიდან – მიიღეს. 2016 წელს ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო და საქართველოს მთლიან ვაჭრობაში 30%–იანი წილი ეკავა. 2017 წლის წინასწარი მონაცემები ამ ტენდეციის გაგრძელებაზე მეტყველებს. ამასთან, ორმხრივი ვაჭრობის მონაცემებიც დადებითია. 2017 წლის პირველ კვარტალში გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით საქართველოდან ევროკავშირში იმპორტი 56%–ით, ხოლო ევროკავშირიდან საქართველოში ექსპორტი– 2%–ით გაიზარდა.

 

ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას. 

JOINT STAFF WORKING DOCUMENT

 

Association Agenda between the European Union and Georgia

 

 

 

16-11-2017