საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან: ცხოვრება ორ პოლიტიკურ სისტემაში

შეხვედრათა ციკლი „მე-ევროპელი“ გრძელდება!

 

ამჯერად საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ გეპატიჟებათ ქართველი დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის გელა ჩარკვიანის საჯარო ლექციაზე.

 

თუ გაინტერესებს, როგორი იყო ცხოვრება ორ პოლიტიკურ სისტემაში და რა როლი ჰქონდა ამ პროცესში დასავლეთს, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პასუხების მისაღებად, შეხვდი ჩვენს ცენტრში გელა ჩარკვიანს! გელა ჩარკვიანი საბჭოთა კავშირის პერიოდში მოღვაწეობაზე, სსრკ-ს დაშლის შემდგომ კი გაჩენილ ახალ გამოწვევებსა და რეალობაზე საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს.

 

შეხვედრის თემა: ცხოვრება ორ პოლიტიკურ სისტემაში.

 

გელა ჩარკვიანი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამოჩენილი დიპლომატი და საზოგადო მოღვაწეა, რომელიც დაჯილდოვებულია ღირსების, ბრწყინვალების საპრეზიდენტო და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით. 1970 წელს გაიარა ასპირანტურა აშშ-ში, მიჩიგანის უნივერსიტეტში. მისი თქმით, ამერიკაში გატარებულმა დრომ, მის მსოფლმხედველობაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ სწავლა კვლავ თბილისში, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტუტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა.

 

მისი კარიერა საქართველოს ტელევიზიიდან იწყება, სადაც 1976-1994 წლებში საავტორო გადაცემა „გლობუსი“ მიჰყავდა. 1984 წლიდან 1992 წლამდე საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ვიცე-პრეზიდენტი იყო. ასევე, მიიღო მონაწილეობა აშშ-ის, ჯორჯიის შტატის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ახლო კავშირების ჩამოყალიბებაში. 2005 წელს იყო დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი. მან დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში დაასრულა.

 

ინტერესის სფეროთა მრავალფეროვნების მიუხედავად, ყველაზე მეტად მუსიკა იტაცებს. მისი საფორტეპიანო მინიატურების CD 2001 წელს გამოიცა, ხოლო ადრეული ნამუშევრების - 2006 წელს. მან ქართულ ენაზე თარგმნა შექსპირის "მეფე ლირი". მისი ცხოვრების თერთმეტწლიანი გამოცდილების (1997-2008) შესახებ საჯარო გამოსვლების ნაწილი ინგლისურ ენაზე წიგნად გამოიცა. კრებულში ევრაზიის მნიშვნელოვანი თემები ფართოდ განიხილება, განსაკუთრებული ყურადღება კი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუთმო.

 

ღონისძებაზე დასწრება თავისუფალია. შეხვედრა გაიმართება 8 დეკემბერს, 17:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში! მისამართი: შ.დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი