საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
გელა ჩარკვიანის საჯარო ლექცია საინფორმაციო ცენტრში

„ნატო კოლექტიური ჯეიმს ბონდია, რომელიც იცავს თავისუფალ დასავლეთს იმპერიული ზრახვების მქონე აღმოსავლეთისაგან“, - ამ სიტყვებით დაასრულა ქართველმა დიპლომატმა და საზოგადო მოღვაწემ გელა ჩარკვიანმა საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექცია.

 

ლექცია საჯარო შეხვედრათა ციკლის „მე-ევროპელი“ ფარგლებში გაიმართა. გელა ჩარკვიანმა  ორ პოლიტიკურ სისტემაში ცხოვრების გამოცდილებაზე,  კერძოდ საბჭოთა კავშირის პერიოდისა და სსრკ-ს დაშლის შემდგომ შექმნილ ლიბერალურ-დემოკრატიულ სისტემაში ცხოვრების თავისებურებებზე, ასევე ამ ორი სისტემის განსხვავებებზე ისაუბრა. შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე მოდერირებდა.

 

„რაც შეეხება ნატოსა და ევროკავშირის მოთხოვნებს, ჩვენ მათ უპირობოდ უნდა ვასრულებდეთ, რადგან მათთან ინტეგრაცია ჩვენი ეგზისტენციალური მნიშვნელობის არჩევანია, ანუ ყოფნა-არყოფნის საკითხია. თუ გვსურს დავრჩეთ ლიბერალურ დემოკრატიად, მაშინ ჩვენ ახლოს უნდა ვიყოთ ამ ორგანიზაციებთან. დავრჩეთ ლიბერალურ დემოკრატიად, თავისუფალ საზოგადოებად, მაშინ უნდა გავწევრიანდეთ ნატოში...“, - აღნიშნა ლექციის მიმდინარეობისას გელა ჩარკვიანმა.

 

ლექციათა ციკლი „მე-ევროპელი“ საინფორმაციო ცენტრის პროექტია, რომელიც ევროპული ფასეულობების, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, ასევე, სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მიმდინარე აქტუალური და საინტერესო პროცესების შესახებ  ღია დისკუსიებს ითვალისწინებს.

 

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო ცენტრს უკვე ესტუმრნენ:

შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი ლუკას ბეგლინგერი, მწერლები დათო ტურაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, გურამ ოდიშარია და რატი ამაღლობელი, ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტომას ჯანელიუნასი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

საინფორმაციო ცენტრი დაწყებულ პრაქტიკას მომავალშიც გააგრძელებს.

11-12-2017