საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირის მიმდინარე დახმარებით სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა

იცით როგორ უწყობს ხელს ევროკავშირი სოფლის მოსახლეობის გაძლიერებას მათთვის უფრო მეტი სამუშაო ადგილის, ახალი შესაძლებლობებისა და უკეთესი ცხოვრების პირობების შექმნით? 

 

ევროკავშირის მიმდინარე დახმარებით სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა. ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზას და დამატებით 230 მილიონი ლარის დახმარებას აცხადებს.

 

13 დეკემბერს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პირველი ფაზის (2014 – 2017 წწ) შედეგები თბილისში გამართულ კონფერენციაზე “სოფლად უკეთესი ცხოვრებისთვის“ შეჯამდა. პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებმა 250,000-ზე მეტმა ადამიანმა ევროკავშირის პირდაპირი დახმარება მიიღო.


ევროკავშირი 2018-2021 წლებში ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზას და დამატებით 230 მილიონი ლარის დახმარებას აცხადებს.  "ENPARD-ის III ფაზით გამოყოფილი 77.5 მილიონი ევრო, ჯამში კი, სამივე ფაზით მიღებული 180 მილიონი ევროს დახმარება, უდიდესი მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სოფლის ფეხზე დაყენება და სოფლის მეურნეობის განვითარება ჩვენ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავისახეთ.“- განაცხადა კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის თქმით საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მესამედმა უკვე ისარგებლა ENPARD-ის მხარდაჭერით. "ENPARD-ი ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა საქართველოში, რომელიც პასუხობს ჩვენს მიზანს გავაუმჯობესოთ სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონე... საქართველოს მთავრობასთან ერთად, 2018 წლიდან ჩვენ ვიწყებთ პროგრამის მესამე, ახალ ფაზას, რითაც კიდევ უფრო მეტს შევმატებთ უკვე არსებულ მიღწევებს და უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ მდგრად განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას.”, - აღნიშნა ელჩმა.

 

 

მოკლედ ENPARD-ს პირველი ფაზის შესახებ:


ENPARD-ის პირველი ფაზა 2014-2017 წლებში 52 მილიონი ევროს (150 მილიონი ლარის) ბიუჯეტით მიმდინარეობდა. პროგრამა სამ ძირითად მიზანს ეფუძნება: (1) სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სექტორში ჩართული სხვა ინსტიტუციების მოდერნიზება და პროფესიული უნარ-ჩვევების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთესი კონსულტაცია გაუწიონ ფერმერებს; (2) საქართველოში ფერმერთა კოოპერატივის მოდელის განვითარების ხელშეწყობა; (3) საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების გარდა, სოფლად დასაქმების სხვა შესაძლებლობების შექმნასაც გულისხმობს.

 

ევროკავშირის დახმარებით, დღეის მონაცემებით, საქართველოში დარეგისტრირებულია 1,500-მდე კოოპერატივი, რომელიც 15,000 ფერმერს აერთიანებს
280-ზე მეტმა კოოპერატივმა ევროკავშირის პირდაპირი დაფინანსებითა და ტექნიკური დახმარებით ისარგებლა, რისი საერთო ღირებულებაც 13 მილიონ ლარს შეადგენს\

ევროკავშირის დაფინანსებისა და საგრანტო სქემის ფარგლებში, ENPARD-ის განმახორციელებელმა პარტნიორებმა კოოპერატივებს დახმარება გაუწიეს აქტივების შეძენის, ინტენსიური ტექნიკური მხარდაჭერის, ტრენინგებისა თუ გამოცდილების გაზიარების კუთხით.
გადამზადდა 8,000-მდე ფერმერი და ბიზნეს მენეჯმენტის კუთხით ცოდნა გაიუმჯობესა.
1,000-მდე კოოპერატივმა ჯამში 6 მილიონი ლარის ღირებულების გრანტი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სახელმწიფო პროგრამების შედეგად მიიღო

ევროკავშირი 2018-2021 წლებში ENPARD-ის პროგრამის მესამე ფაზას და დამატებით 230 მილიონი ლარის დახმარებას აცხადებს.

ეს ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი პროგრამის შედეგებია.

 

მოკლედ ENPARD-ის პროგრამის შესახებ


ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. მისი საერთო ბიუჯეტი (სამივე ფაზა) 179,5 მილიონ ევროს (500 მილიონ ლარზე მეტს) შეადგენს და სოფლად სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. პროგრამის მესამე ფაზა სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას გააგრძელებს, პარალელურად კი სურსათის უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებაზე, სოფლის განვითარების მოდელის მხარდაჭერაზე იქნება ფოკუსირებული.


ENPARD-ის პირველი ფაზა განხორციელდა პარტნიორებთან ერთად, რომელთა შორისაა გაეროს განვთარების პროგრამა (UNDP), გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), Evoluxer-ი, ოქსფამი, ,,People in Need”, CARE, მერსი ქორპსი (Mercy Corps), ლიმერიკის უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.


დამატებითი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: www.enpard.ge.

წყარო

 

შეგიძლია ნახოთ ვიდეო, ENPARD-ის პირველი ფაზის მიმოხილვის შესახებ 

15-12-2017