საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს 2018 წლის სამიტისთვის, ველოდები შეთანხმებას და ძალიან მკაფიო ენით დაფიქსირებას, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ ნატო და საქართველო, - ჯეიმს აპატურაი

"ნატოს 2018 წლის სამიტისთვის, ველოდები შეთანხმებას და ძალიან მკაფიო ენით დაფიქსირებას, თუ როგორ უნდა წავიდნენ წინ ნატო და საქართველო", - ამის შესახებ ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ პირველი არხის კორესპონდენტთან ქეთევან ქარდავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. 

 

ინტერვიუში ჯეიმს აპატურაი შავი ზღვის უსაფრთხოებაში საქართველოს ჩართვის, ნატოს 2018 წლის სამიტის მზადებისა და რუსეთის ფაქტორის შესახებ საუბრობს.

 

როგორც აპატურაი ამბობს, 2018 წელს საქართველო ნატოს მხრიდან უნდა ელოდოს აქტიურად და ყურადღებით იმ პროგრესის შეფასებას, რომელსაც ასპირანტმა სახელმწიფოებმა მიაღწიეს.  "ასპირანტების ალიანსთან დასაახლოებლად ორგანიზაცია მუშაობას გააგრძელებს; საქართველოს უკვე აქვს ყველა მექანიზმი მომავალი წევრობისთვის მოსამზადებლად. საქართველოს შესახებ მომზადებული გასული წლის ბოლო შეფასება იყო საკმაოდ პოზიტიური. ალიანსმა პოზიტიურად შეაფასა ქართული რეფორმები. ნატოს წევრი სახელმწიფოები აღიარებენ და აფასებენ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში",- აცხადებს ჯეიმს აპატურაი. 

 

ინტერვიუში ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოს ჩართულობას. "რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისთვის პოლიტიკური და სამხედრო ქმედებები გააძლიერა. ნატოს უფრო მეტი თვითმფრინავი აკონტროლებს ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეს. რეგიონში ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები გვაქვს. ნატოს წევრმა ქვეყნებმა ჩაატარეს და მომავალშიც იგეგმება სამხედრო წვრთნები. ალიანსი მონიტორინგს უწევს არსებულ ვითარებას. ამ პროცესში საქართველოს ჩართულობა გაიზარდა. მიმდინარეობს ინფორმაციისა და ანალიზის გაცვლა. ვაღრმავებთ სამხედრო თანამშრომლობას და 2018 წელს დამატებითი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. ჩვენ საქართველოსთან ერთად უკვე ნაყოფიერად ვმუშაობთ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოს მთავრობამ შემოგთავაზა რამდენიმე მიმართულება, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობა გავაღრმავოთ. ამ წინადადებების უმრავლესობა უკვე გათვალისწინებულია. ჩვენ მალე შევხვდებით ქართულ მხარეს და ვიმსჯელებთ, თუ რა შეიძლება დამატებით გავაკეთოთ",- აღნიშნა აპატურაიმ.

 

ნატო 2018 წლის გაზაფხულზე მორიგი სამიტისთვის ემზადება. აპატურაის თქმით, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიზანია, სამიტმა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ალიანსი ერთიანია, ძლიერდება და ახდენს ეფექტიან ადაპტაციას ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან. "[სამიტზე] ნატო იმსჯელებს ავღანეთის ოპერაციაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ნატოს კოლექტიური თავდაცვა, როგორ გაღრმავდეს თანამშრომლობა პარტნიორებთან, განსაკუთრებით ჰიბრიდული საფრთხეებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რა შეიძლება ნატომ გააკეთოს მეტი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ამ საკითხებთან ერთად, ლიდერები იმსჯელებენ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკაზე. გაზაფხულზე დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები ასპირანტების მიერ მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ივლისის სამიტისთვის ველოდები მკაფიო ენით დაფიქსირებას, თუ როგორ უნდა წავიდენ წინ საქართველო და ნატო. ასევე დავამატებ, რომ ნატოს წევრობა არ არის „მუსიკალური სკამების“ თამაში. ეს არ არის შეჯიბრი შეზღუდული ადგილების მოსაპოვებლად, ნატო თითოეულ ქვეყანას ინდივიდუალურად და საკუთარი მიღწევების მიხედვით აფასებს",- აღნიშნა სამიტთან დაკავშირებით აპატურაიმ.

 

კითხვაზე, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნატომ რუსეთთან პრაქტიკული თანამშრომლობა შეწყვიტა და ხედავს თუ არა ნატო პოზიტიურ ცვილებებს, აპატურაიმ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. "სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სიტუაციის კუთხით ბევრი რამ არ შეცვლილა. საქართველოში ბორდერიზაცია და ყველასათვის ნაცნობი ნაბიჯების გადადგმა გრძელდება. რუსეთი კვლავაც განაგრძობს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას, რუსეთი ისევ არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და უგულვებელყოფს აღებულ ვალდებულებებს. თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ პოლიტიკური დიალოგი. ამ პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში გამოვხატავთ შეშფოთებას და შეხედულებებს. რისკების შემცირებისა და მეტი გამჭვირვალეობისთვის გავაუმჯობესეთ სამხედრო კუთხით კონტაქტები, რაც სარგებელს მოუტანს ევროატლანტიკურ სივრცეს",- აცხადებს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

 

წყარო

11-01-2018