საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ბრიუსელში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში,ნატოს შტაბ-ბინაში,სადაც გენერალური შტაბების უფროსების დონეზე ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო კომიტეტის შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი დაესწრო. მისი განცხადებით, აღნიშნული შეხვედრა 2017 წლის განმავლობაში, ნატოს თავდაცვის მინისტერიალების ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის აქტიური ჩართულობით გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების მთელი ციკლის ლოგიკური და რაციონალური გაგრძელება იყო.

 

შეხვედრა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა. ქართულმა მხარემ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და გამოწვევები, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები გააცნო. ნატოს მხარემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მაღალი დონე დადებითად შეაფასა. სხდომაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ალიანსის აქტივობების გაძლიერებასა და ამ პროცესში საქართველოს ჩართულობის გაზრდაზეც იმსჯელეს.

 

ალიანსის წარმომადგენლებმა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს და ქართველი ჯარისკაცების მაღალი პროფესიონალიზმი და თავდადება ხაზგასმით აღნიშნეს. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2018 წელს, ავღანეთში, ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას არსებული რაოდენობით კვლავ გააგრძელებს.

 

ნატოსთან თანამშრომლობის კუთხით დაგეგმილი შემდგომი ნაბიჯები წელს, ივლისში დაგეგმილ ნატოს სამიტზე განიხილება. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ბრიუსელში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება. გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შტაბების უფროსების დონეზე პარტნიორ ქვეყნებთან „ნატოს საერთაშორისო სტაბილურობის განმტკიცებისა“ და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში გამართულ სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომებსაც დაესწრო.

 

წყარო

18-01-2018