საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ველით, რომ საქართველოს პროგრესი ევროატლანიტური ინტეგრაციის გზაზე შესაბამისად იქნება ასახული 2018 წლის ნატოს სამიტზე, - მიხეილ ჯანელიძე

ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე საქართველოს 2017 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შეფასებითი დოკუმენტი განხილვის მთავარი თემა იყო. 

 

„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ მიაღწია განსაკუთრებულ პროგრესს ყველა მიმართულებით. 2017 წელი შეფასდა როგორც წარმატებული წელი ყველა პარტნიორის და ალიანსის ყველა წევრის მხრიდან. საქართველო ნამდვილად გამოირჩევა რეგიონში და გახლავთ რეგიონში უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი“ -აღნიშნა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. 

 

კომისიის სხდომაზე ალიანსის მხრიდან უაღრესად პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროს რეფორმები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს. აღინიშნა საქართველოს მზაობა აქტიურად ჩაერთოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისაკენ მიმართულ ალიანსის ძალისხმევაში.

 

ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე, განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, უსაფრთხოების გარემო და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. სხდომაზე, ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების ეფექტური იმპლემენტაციის კუთხით, რაც მიმართულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისაკენ. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტ ქვეყანას, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში.

 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან.  შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის საქართველოს მხრიდან 2017 წლის ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული და თავდაცვის სფეროში რეფორმები. იმედი გამოითქვა, რომ საქართველოს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნის პროგრესი სათანადო ასახვას ჰპოვებს ნატოს 2018 წლის სამიტზე.

 

წყარო 1

წყარო 2

01-02-2018