საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა

ბრიუსელში საქარეთველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეოთხე სხდომა გაიმართა. ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. 

შეხვედრაზე საბჭომ აღნიშნა, რომ 2017 წელი წარმატებული იყო საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მიღწეული იყო ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის იყო უვიზო რეჟიმის ამოქმედება. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა განხორციელებული რეფორმები, რომლებმაც განამტკიცა საქართველოს, როგორც რეგიონში ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია. ამას გარდა საბჭომ დაადასტურა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი დღის წესრიგის წარმატებით განხორციელების პროცესში.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების მიმართულებით. 

ასოცირების საბჭომ დაადასტურა საქართველოს, როგორც მთავარი პარტნიორის როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში და ხაზი გაუსვა ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს კასპიის ენერგორესურსების ევროპულ ბაზარზე მიწოდების კუთხით, მათ შორის სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის თანამფლობელია. 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას. 

საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს კონფლიქტის მოგვარების გზები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმებების იმპლემენტაციის გამო, ასევე ახალგორსა და სოხუმში ე.წ საბაჟო პუნქტების გახსნასა და ცხინვალის რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით ჩატარებულ "რეფერენდუმთან" დაკავშირებით. 
სხდომაზე ხაზი გაესვა უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირთან უსაფრთხოების თემაზე სტრატეგიული დიალოგის დაწყება.

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ წვლილს ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში. 

 

წყარო

 

ერთობლივი რელიზი 

- გადმოწერა / გახსნა

 

 

06-02-2018