საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართა. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებში საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა ამ მიმართულებით საინფორმაციო ცენტრის როლი და ძალისხმევა:

 

„საინფორმაციო ცენტრმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საგარეო პრიორიტეტების და განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების კომუნიკაციაში. ცენტრი წლების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას და ანტიდასავლურ პროპაგანდას უპირისპირებს ცოდნის და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის. დღეს, ჩვენ ნადვილად გვაქვს საზოგადოების მხრიდან ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისადმი მტკიცე მხარდაჭერა და დარწმუნებული ვართ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

2017 წელს საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და პარტნიორობით 400-მდე სხვადასხვა ფორმატის ღონისძიება გაიმართა, რომელთაგან 70%-ზე მეტი რეგიონებში ჩატარდა. შედეგად, წელს საინფორმაციო ცენტრმა 28 000-მდე ადამიანი მოიცვა. 2017 წელს, ცენტრის პრიორიტეტი რეგიონული ქსელის გაფართოება იყო.

 

შეხვედრის დასასრულს ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ბოლქვაძემ საპატიო ჯილდო - „საინფორმაციო ცენტრის ვერცხლის ფარი“ გადასცა იმ ექსპერტებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში. მათ შორის არიან: ლევან დოლიძე, გიორგი გოგუაძე, გოგიტა ღვედაშვილი, მიხეილ მირზიაშვილი, თორნიკე შარაშენიძე, ლევან მახაშვილი, ირაკლი მენაღარიშვილი, ვანო ჩხიკვაძე, ბათუ ქუთელია. ცენტრის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ასევე ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო სტრუქტურის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მუდამ მზად არიან საზოგადოების ინფორმირების კუთხით ცენტრის ღონისძიებებსა და პროექტებში აქტიური ჩართულობისთვის.

 

გასულ წელს, ცენტრმა სხვადასხვა ორგანიზაციისა და უწყების 150-მდე ღონისძიებასაც უმასპინძლა.

“მინდა ავღნიშნო, რომ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კარი ყოველთვის ღიაა სამოქალაქო სექტორისათვის და ვფიქრობ, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო მათ.“, - აღნიშნა უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის დირექტორმა ლევან დოლიძემ.

 

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა წიგნის „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ პრეზენტაცია, რომელიც საინფორმაციო ცენტრის მიერ შექმნილ სახელმძღვანელოს წარმოადგენს. წიგნი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დაიბეჭდა.

 

წლიური ანგარიშის ნახვა შესაძლებელია აქ.

19-02-2018