საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა საინფორმაციო ცენტრში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა „...და უძრავ იყო თებერვლის ღამე…“ გაიხსნა.
 
გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქართველი მხატვრის ნამუშევარი. გამოფენის გახსნაზე, სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და გამოფენის ორგანიზატორმა, მხატვარმა მამუკა ცუცქირიძემ მიმართეს.
 
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ეს არის დღე, რომელმაც 70 წლით დააშორა საქართველო თავისი ეროვნული განვითარების გზას. იმედი გვაქვს, რომ ამ გამოფენას ნახავს ბევრი ადამიანი, სადაც ძალიან ცნობილ მხატვრებს თავიანთი ემოციური ხედვა აქვთ გადმოცემული 70 წლიანი საბჭოთა ანექსიის პერიოდის. მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ჩვენი წარსული, ვიცოდეთ, თუ რა მოჰყვა ოკუპაციას. ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა დამარცხდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მტერმა ვერ გაიმარჯვა ჩვენზე და ეხლა დავუბრუნდით ჩვენს ისტორიულ განვითარების გზას და ამჯერად იმდენად ახლოს ვართ დღეს ევროპასთან, როგორც არასდროს“,- განაცხადა ნინო ბოლქვაძემ.
 
გამოფენა 4 მარტამდე გაგრძელდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მისი ნახვა.
 
გამოფენა მხატვარ მამუკა ცუცქირიძის ინიციატივით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და იარტ-გალერეას მხარდაჭერით იმართება.

26-02-2018