საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაციაზე საინფორმაციო კამპანიის ძირითად ასპექტებზე, უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე, ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ზრდის ტენდენციის პრევენციისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებთან სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკაზე ისაუბრეს. აღნიშნულ საკითხებზე მედიის წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და კამპანიაში ჩართულ პირებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მაჭავარიანმა მიაწოდეს ინფორმაცია. ნინო ბოლქვაძემ უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება.

 

"ამ ეტაპზე იკვეთება 2 სახის პრობლემა უვიზო მიმოსვლის სტატისტიკური მონაცემების დამუშავების შედეგად: ეს არის თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა და ასევე, კრიმინალის ზრდა. ჩვენი პასუხი არის ფართო მასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის დაწყება იმ კომპლექსური რეფორმების გარდა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობითაც ხდება. საინფორმაციო კამპანია მთლიანად იქნება მიმართული იმისკენ, რომ მოქალაქეებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ავუხსნათ ყველა იმ რისკის შესახებ, თუ რა მოჰყვება უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას. დღეს, ვაანონსებთ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის დაწყებას და ის იქნება კომპლექსური საინფორმაციო კამპანია, რომელიც შედგება როგორც მედია კომპონენტისგან, ასევე საინფორმაციო მასალების მომზადებისგან. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩავატარებთ ასამდე შეხვედრას - ეს მხოლოდ მარტის თვეში. შემდეგ უკვე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებითა და გაანალიზებით, შემდეგი თვის გეგმას გავწერთ.

 

პრობლემა იმაშია, რომ ხშირად ცრუ დაპირებებით და ცრუ ინფორმაციით სარგებლობენ მოქალაქეები და არ იციან რეალური სურათი თუკი წავლენ და მოითხოვენ თავშესაფარს. მაგალითად, არ იციან ის რომ სრული უმრავლესობა 97% უარს იღებს თავშესაფარზე. შესაბამისად, ეს ფინანსური თვალსაზრისით მათვისვე არის დამაზარებელი. მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ თაღლითური შუამავალი კომპანიების მახეში არ წამოეგონ და მომზადებულები იყვნენ იმაზე, თუ რა ელოდებათ, რა რისკებთან არის დაკავშირებული უვიზო რეჟიმის წესების დარღვევა",-აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.

 

"ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად დიდი მონაპოვარია საქართველოსთვის და ჩვენ არა გვაქვს უფლება ვიაზროვნოთ არასახელმწიფოებრივა",- განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. "ერთია, რა მჭირდება მე პირადად და მეორეა, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ეს ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია - ძალიან დიდი საშუალება, კავშირი ევროპასთან- და შესაბამისად, ამისი დარღვევები და სანქციები ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან დიდი დანაშაული. კონკრეტულად პიროვნებებისგან, რომლებიც დაარღვევენ ამ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს. შესაბამისად, საქართველოს საპატრიარქო ჩართულია ამ კამპანიაში და ეცდება მოსახლოებას მიაწოდოს სრული და ჯანსაღი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არ უნდა გააკეთონ მათ“,- აღნიშნა დეკანოზმა.

 

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს უვიზო მიმოსვლის წესები, მოახდინოს მათი შემდგომი დარღვევისა და ასევე ევროკავშირის/შენგენის სივრცეში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

26-02-2018