საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა და ალიანსთან ინტეგრაციის პროცესი, საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო გეგმები განიხილა.

 

შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტი 2018 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია. სამიტს საქართველო დაესწრება, როგორც ასპირატი და ალიანსის ღირსეული პარტნიორი ქვეყანა. შეხვედრაზე მხარეებმა სამიტისთვის ალიანსის მზადების საკითხზე და მასზე საქართველოსთან დაკავშირებით მისაღებ გადაწყვეტილებებზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, ხოლო პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა ნაყოფიერად ვითარდება. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების განსამტკიცებლად თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები მიმოიხილეს.

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას კი, ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა წუხილი და შეშფოთება გამოთქვეს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო.

 

შეხვედრის მსვლელობისას იენს სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა მის აქტიურ ჩართულობას სხვადასხვა საერთაშორისო ოპერაციაში, მათ შორის ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. საქართველოს პრეზიდენტმა აღუთქვა გენერალურ მდივანს, რომ საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა, გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში.

 

წყარო

09-03-2018