საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
"ევროკავშირი და საქართველო ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატზე გადადიან"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 8-10 მარტს ბელგიაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროკომისიაში, ევროკავშირის საბჭოსა და NATO-ს შტაბ-ბინაში.

 

პრეზიდენტი შეხვდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, 

 

საქართველოს პრეზიდენტმა  და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. "ევროპა გაცილებით მეტად დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო გაცილებით მეტად დაუახლოვდა ევროპას", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 

 

დონალდ ტუსკმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს, როგორც ევროკავშირისთვის საიმედო პარტნიორს და ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ წარმატებებს. საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს ხელისუფლების სწრაფ და ეფექტიან ძალისხმევას, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობით დარეგულირდეს.

 

საქართველოსა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტების ერთობლივი განცხადებები იხილეთ ბმულზე.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერსაც შეხვდა და ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ახალ, უმაღლესი დონის ფორმატის შექმნაზე შეთანხმდნენ. მხარეები მუშაობას ახალი ფორმატის ფორმირებაზე უკვე იწყებენ. ურთიერთობების ახალი ეტაპი დარგობრივი თანამშრომლობის უმაღლეს ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს.


მხარეებმა აღნიშნეს, რომ ევროკომისიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის აქტიური და პოზიტიურია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და გასული წელი დინამიკური პროგრესით გამოირჩეოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოკუპაციო რეჟიმის ბოლო დროინდელ აგრესიულ ქმედებებს, მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ტრაგიკული სიკვდილისა და ორი მოქალაქის დაკავების გამო. საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მოწინავე ქვეყნის მიღწევებს, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს, ინსტიტუციური, დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
გიორგი მარგველაშვილმ ევროკომისიის პრეზიდენტი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში მოიწვია.

 

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია, გაძლიერდეს ძალისხმევა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობა დაუსჯელი კვლავ არ დარჩეს. ფედერიკა მოგერინიმ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორების საქმიანობა, რომელიც მათ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ. 

 

წყარო

 

 

 

 

09-03-2018