საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეები 2018 იწყება!

16 აპრილს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები  ოფიციალურად გაიხსნება და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება. ჩატარდება ლექცია-სემინარები და კონკურსები ნატოს თემაზე.  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედადგოგებისთვის დაგეგმილია სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“. ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდება რაგბის ტურნირი-„დადე ლელო ნატოსთან ერთად“, განხორციელდება ტრადიციული პროექტი მედიის წარმომადგენლებისთვის-„ერთი დღე ჯარში“. ნატოს დღეები ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით. კერძოდ, ქვეყნის 8 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.

 

ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და  ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

 

წელს, ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთამ, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო) თანამშრომლობით იმართება.

15-04-2018