საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეები 2018 იწყება!

16 აპრილს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ნატოს დღეები ოფიციალურად დაიწყება და 1 მაისამდე გაგრძელდება. ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება. ნატოს დღეების დაწყებასთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ პრესკონფერენცია გამართა.
 
„ნატოს დღეები ჩვენი ცენტრის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომლის მიზანიცაა კიდევ ერთხელ გავხადოთ თვალსაჩინო, თუ რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოს გაწევრება ნატოში. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ნატოს ასპირანტი ქვეყანაა და მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად მივაწოდოთ მათ განახლებული ინფორმაცია ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზეც“, - აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.
 
ნატოს დღეების ფარგლებში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართება, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და ანალიტიკური ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.
 
ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია ლექცია-სემინარები და კონკურსები ნატოს თემაზე, ჩატარდება სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედაგოგებისთვის დაგეგმილია სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“. ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდება რაგბის ტურნირი-„დადე ლელო ნატოსთან ერთად“, განხორციელდება ტრადიციული პროექტი მედიის წარმომადგენლებისთვის-„ერთი დღე ჯარში“.
 
მიმდინარე წელს, ნატოს დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება არაერთი ღონისძიება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლებისა და ჩართულობის მიზნით.
 
კერძოდ, ქვეყნის 8 რეგიონში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით, კონკურსები, სპორტული აქტივობები და გასართობი ღონისძიებები.
 
წელს, ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისთან და საქართველოში ბულგარეთის საელჩოსთან (ნატოს საკონტაქტო საელჩო) თანამშრომლობით იმართება.
 

16-04-2018