საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეების ფარგლებში სამეგრელოში სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა

ნატოს დღეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნება.
ნატოს დღეებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების, ასევე პედაგოგების მონაწილეობით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებს ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი კრისტიან კოკვიკი და საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგუაძე გაუძღვნენ. ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები შეხვედრების მთავარი თემა იყო.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტშიც, სტუდენტებთან. გიორგი გოგუაძემ და ასევე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა განიხილეს. 
ნატოს დღეების ფარგლებში, სამეგრელოში, ასევე გაიმართა ტურნირი მინი-ფეხბურთში „ნატოს თასი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების მონაწილეობით. ტურნირში ხობის საკრებულოს გუნდმა გაიმარჯვა. შეჯიბრი საიფორმაციო ცენტრის ინიციატივით, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, მასში მერიების ცამეტი გუნდი ჩაერთო, ფინალური ეტაპი კი ნატოს დღეების ფარგლებში ჩატარდა. ტურნირის გამარჯვებულები ანა ცანავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ნუგზარ გაბელიასთან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განყოფილების უფროსთან გრიგოლ ჯღამაიასთან ერთად დააჯილდოვა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ასევე, დაგეგმილია საინფორმაციო შეხვედრები პედაგოგებთან, სტუდენტებთან, დევნილ მოსახლეობასთან, გამყოფი საზღვრის მიმდებარე სოფლის მოსახლეობასთან.
ნატოს დღეები წელს მეთერთმეტედ აღინიშნება და მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.

23-04-2018