საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეები სამეგრელო-ზემო სვანეთში არაერთი ღონისძიებით გაგრძელდა

ნატოს დღეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. მათ შორის გაიმართა: საინფორმაციო შეხვედრები ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში, მარტვილის კერძო სკოლაში "სხივში", შეხვედრა გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ რუხის მოსახლეობასთან, ზუგდიდში დევნილებთან. 

 

შეხვედრებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელი ანა ცანავა გაუძღვა. შეხვედრებზე ყურადღება ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტებსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. 

 

შეხვედრა ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში ამერიკული კუთხის ინიციატივით გაიმართა, შეხვედრა დევნილებთან კი საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროს ინიციატივით აფხაზეთის ა.რ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

ნატოს დღეების ფარგლებში, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში ნატოს დღეებისადმი მიძღვნილი ნახატების გამოფენა და მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის მონაწილეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოვა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, ზუგდიდის სამხატვრო სკოლასა და ზუგდიდის სამხატვრო გალერეასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

ნატოს დღეები 1 მაისს, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება. 

 

 

27-04-2018