საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი პედაგოგებისთვის შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან

ნატოს დღეების ფარგლებში, რიგით 21-ე საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ მიმდინარეობს. ორდღიან სემინარს შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პედაგოგები, 30-მდე საჯარო სკოლიდან ესწრებიან. 

 

სემინარი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ გახსნეს. ყურადღება გამახვილდა პედაგოგების მნიშვნელოვან წვლილზე რეგიონში ნატოს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში. 

 

ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები ხვდებიან სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს და იღებენ ინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე და ესტონეთის, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის გამოცდილებაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდის საკითხებსა, რეალურ ფაქტებზე და სხვ. პედაგოგებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია შეხვდება და სემინარის ბოლოს, მონაწილეობის სერტიფიკატებით დააჯილდოვებს. 

 

პროექტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 600-მდე პედაგოგი გადამზადდა.          

       

ნატოს დღეები 16 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით, მეთერთმეტედ აღინიშნება. მისი მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება. ნატოს დღეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

27-04-2018