საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს დღეების ფარგლებში სოფელ მეჯვრისხევში შეხვედრა გაიმართა

ნატოს დღეების ფარგლებში შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდები განიხილეს. შეხვედრაზე მომხსენებლებად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ნოზაძე წარსდგნენ. 

 

ნატოს დღეები საქართველოში მეთერთმეტედ აღინიშნება. ნატოს დღეები-2018 16 აპრილს დაიწყო და 1 მაისს დასრულდება. ღონისძიებების მიზანია ალიანსისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება.  აღნიშნული დღეების ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრების საკითხზე საზოგადოებასთან ინტენსიური შეხვედრა-დისკუსიები იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს 8 რეგიონში (კახეთი, შიდა-ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო-ქართლი).

 

მიმდინარე წელს, ნატოს დღეები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო) მხარდაჭერით იმართება.

27-04-2018