საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
დღეს, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნა

დღეს, 30 აპრილს,  სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიხსნა.

 

ფორუმი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი და ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში ელჩი თაჯან ილდემი გამოვიდნენ. 

 

"ნატოსა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა ეს არის საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული არჩევანი, რომელიც უკვე კონსტიტუციაშიც აისახა. ეს არჩევანი არის ქვეყნისთვის დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მომტანი. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის კონკრეტული სარგებელი, რომელიც ჩვებუს ქვეყნის მოსახლეობამ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისგან მიიღო", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ფორუმის გახსნაზე. 

 

მიხეილ ჯანელიძემ ფორუმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. "ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოსა და ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების ერთ-ერთ  თავარ გამოწვევად იქცა. არსებული ვითარება და ჩვენი ქვეყნის მიერ არჩეული დასავლური გზა მოითხოვს კიდეც უფრო მეტ ძალისხმევას და მზაობას, რათა საქართველო ღირსეულად გაუმკლავდეს გამოწვევებს და მოძებნოს შესაძლებლობები სტაბილური განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ნატოს, ევროკავშირისა და იმ სიკეთეების შესახებ, რასაც საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანება მოუტანს. სწორედ მოსახლეობის ინფორმირების გზებზე მსჯელობას ემსახურება ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი. ის წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევებსა და გააქტიურებული ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის როლზე სასაუბროდ", - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. 

 

ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავება. ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატოს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, რუსეთი, უკრაინა).

 

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ სესიებზე მომხსენებლებად წარსდგებიან საერთაშორისო მიმომხილველი ნიკ გოუნგი, ევროპაში ნატოს მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლობის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი მარკ ლაიტი, ვაშინგტონში კარნეგის ცენტრის ევროპის პროგრამის დირექტორი ერიკ ბრატბერგი, ჩეხეთის ევროპული ფასეულობების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი იაკუბ იანდა, “The Daily Beast and Newsweek”-ის მოსკოვის კორესპონდენტი ანა ნემცოვა, ფინური სამაუწყებლო კომპანიის სოციალური მედია პროდუქტის საგამოძიებო რეპორტიორი ჯესიკა არო და სხვები.

 

ფორუმზე იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები, გააქტიურებული ჰიბრიდული ომის პირობებში სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციების როლი, ნატოს კომუნიკაციის სტრატეგიაზე რეგიონში, ყალბი ინფორმაციის ეპოქის თავისებურებებზე და რეგიონში პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე, ტრადიციული და სოციალური მედიის მნიშვნელობაზე თანამედროვე სახალხო დიპლომატიაში.

ფორუმის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები სტრატეგიულ კომუნიკაციებზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებისა და მედიასაშუალებების წარმომადგნელებისათვის.

 

ღონისძიება სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“  და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილებისა და საქართველოში ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდება.

 

30-04-2018