საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველოში ევროპის დღეები 2018 იწყება!

5 მაისს, საქართველოში ევროპის დღეები 2018 საზეიმოდ გაიხსნება. ევროპის დღეები რიყის პარკში, „ევრო სოფლის“ მოწყობით დაიწყება. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით  ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა შემეცნებითი, გასათობი და სპორტული აქტივობა განხორციელდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყობა. სიმულაციის მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნობიან მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღებენ საჭირო დოკუმენტებს და  იმიტირებულ პასპორტში   ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახავენ საზღვარს და მოხვდებიან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

ევროპის დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაგრძელდება. დაგეგმილია: პროექტი სუდენტებისთვის- “ევროპული ახალგაზრდობა“,  სემინარი მასწავლებლებისათვის-„მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“, გამოფენები, დებატები, გამწვანების აქცია, საჯარო ლექციები პროექტის „მე-ევროპელი“ ფარგლებში, სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, ასევე, შეხვედრები რეგიონებში, ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და მერებისათვის, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში.

„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

 

 

04-05-2018