საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველოში ევროპის დღეები 2018 საზეიმოდ გაიხსნა

5 მაისს, საქართველოში ევროპის დღეები 2018 საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით,  რიყის პარკში, „ევრო სოფელი“ მოეწყო.  სტუმრებთვის, ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა შემეცნებითი, გასათობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო. სიმულაციის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უვიზოდ მოგზაურობის შესახებ. იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ 4 სტენდთან სტუმრები გაეცნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღეს საჭირო დოკუმენტები და  იმიტირებულ პასპორტში   ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახეს საზღვარი და მოხვდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

 

ევროპის დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაგრძელდება. დაგეგმილია: პროექტი სუდენტებისთვის- “ევროპული ახალგაზრდობა“,  სემინარი მასწავლებლებისათვის-„მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“, გამოფენები, დებატები, გამწვანების აქცია, საჯარო ლექციები პროექტის „მე-ევროპელი“ ფარგლებში, სასწავლო ვიზიტები ახალგაზრდებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან, ასევე, შეხვედრები რეგიონებში, ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებისა და მერებისათვის, ასევე, საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში.

 

„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

 

05-05-2018