საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეების ფარგლებში, სემინარი "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გაიხსნა

7 მაისს, „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, სემინარი: „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. სემინარის მუშაობაში რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-მდე მასწავლებელი მონაწილეობს, მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღებენ ინფორმაციას.

 

სემინარი ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ფელიქს ფეტმა და ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა. 

 

პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მეხუთე წელია ხორციელდება. პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს. სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. გამარჯვებულები თვის ბოლოს, ერთკვირიანი სასწავლო ვიზიტით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის  ესტონური ცენტრის“ მხარდაჭერით ესტონეთში გაემგზავრებიან.

 

„ევროპის დღეები 2018“  5 მაისს დაიწყო 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

07-05-2018