საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მუნიციპალიტეტების მერებისა და მათი მოადგილეებისთვის სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ მიმდინარეობს

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის  სემინარი „ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი“ მიმდინარეობს.  ღონისძიება „ევროპის დღეები 2018“-ის ფარგლებში იმართება.

 

სემინარის გახსნაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი  ტყემალაძემ მიმართეს.

 

სემინარის მონაწილეებისთვის საქართველო-ევროპის ურთიერთობებზე, ისტორიულ კავშირზე მოხსენება წაიკითხა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ანანია ჯაფარიძემ. სტუმრებს, დღის განმავლობაში, ევროკავშირის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებმა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ჩართულმა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის დახმარების პროგრამებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე.

 

ღონისძიება სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, წელს მეექვსედ იმართება.   ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

14-05-2018