საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეები აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში

ევროპის დღეებს აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეც შეუერთდა და 9 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით მრავალფეროვანი ღონისძიებები მოაწყო. 9 მაისს საზეიმო გახსნაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ირმა გაბინაშვილმა მიმოიხილა ევროპის დღეების მნიშვნელობა, ევროკავშირის ფუნქციონირების ძირითადი ასპექტები, საქართველო-ევროკავშირის დაახლოების ეტაპები და პერსპექტივები. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თამარ მესხიძემ ღონისძიების მონაწილეებს ევროპის დღეების და სასახლეში ევროპის კუთხის გახსნა მიულოცა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კლუბის ინიციატივითა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მხარდაჭერით მოეწყო.

 

ევროპის დღეების ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები ევროპის ქვეყნების შესახებ, გაიმართა გ. კეკელიძის ფილმის „ალექსანდრე დიუმას ნაკვალევზე“ ჩვენება, თეატრალურმა დასმა კი წარმოადგინა ევროპული სიმღერები და ცეკვები, ასევე სამხატვრო წრის აღსაზრდელებმა შეასრულეს ნახატები თემაზე: „ჩემი თვალით დანახული ევროპა“. ღონსიძიებებში ჩართულნი იყვნენ სასახლის აღსაზრდელები, მშობლები და პედაგოგები. „ევროპის დღეები 2018“ სასახლეში საზეიმო კონცერტით დასრულდა.

14-05-2018