საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში

ევროპის დღეების ფარგლებში, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა, მარიამ დოლიძემ გამართა.

 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ევროკავშირთან გახსნილ ახალ შესაძლებლობებზე. ერთ-ერთი მთავარი თემა უვიზო მიმოსვლის საკითხები იყო, კერძოდ საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის ფარგლებში გამოვლენილ იმ რისკებსა და შესაძლო საფრთხეებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

„ევროპის დღეები 2018“ 22 მაისამდე გაგრძელდება. ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ორგანიზებით, წელს მეექვსედ იმართება. ევროპის დღეების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

18-05-2018