საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ბათუმში, ევროპის დღეების ფარგლებში, პროექტი „ჩემი ხმა ევროპას“ განხორციელდა

ბათუმში, ევროპის დღეების ფარგლებში, ახალგაზრდული პროექტი „ჩემი ხმა ევროპას“ განხორციელდა. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს ინიციატივით და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტი მერიის ახალგაზრდული ცენტრის პროგრამის შებამისად მოეწყო და მასში აქტიურად ჩაერთვნენ ის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობენ და ჩართულები არიან აჭარის ბიუროს აქტივობებში.

 

პროექტმა სტარტი ევროპის მოედანზე აიღო, სადაც მოსწავლეები დროშებითა და ტრანსფარანტებით შეიკრიბნენ და ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. შემდეგ კი ბათუმის პირველ სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გამართეს. ბათუმის 12-მა სკოლამ, სიმბოლურად -ევროკავშირის დროშის 12 ვარკვლავის შესაბამისად, წარმოადგინა სხვადასხვა ტიპის პერფომანსი, რითაც პროექტში ჩართულმა 100 -ზე მეტმა მოსწავლემ, საზოგადოებას ევროპული ღირებულებების მიმართ საკუთარი დამოკიდებულებები გააცნო. ახალგაზრდებს, რომლებმაც წარმოაჩინეს თავიანთი ინტელექტუალური, შემეცნებითი, თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული შესაძლებლობები, სპეციალური ჟიური აფასებდა, რომელმაც სამი საუკეთესო სკოლა გამოავლინა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რჩეული „კომპეტენტური ხმა ევროპას“ - ბათუმის #4 საჯარო სკოლის მოსწავლე თემო ტარიელაძე, „ყველაზე ორიგინალური ხმა ევროპას“ კერძო სკოლა „გორდას“ ჯგუფი, ხოლო ყველაზე „ძლიერი ხმა ევროპას“ - სკოლა „ნიკეს“ ვოკალური ჯგუფი გახდა.

23-05-2018