საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ზუგდიდში სტუდენტური დებატები "რატომ ევროპა" და ესსეების კონკურსის დაჯილდოება გაიმართა

22 მაისს, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დებატები " რატომ ევროპა" გაიმართა. სტუდენტებმა იმსჯელეს თუ რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა არის ევროპული ღირებულებები, რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ევროპული ბაზარი, რას უნდა ველოდოთ ევროკავშირისგან. დებატების მიზანია ევროკავშირის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, დებატების უნარების დაუფლება და დახვეწა. გამარჯვებულებს საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდა.

 

იმავე დღეს, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ესსეების კონკურსის " ჩემი ევროპული არჩევანი" გამარჯვებულთა ნაშრომების პრეზენტაცია და დაჯილდოება გაიმართა. კონკურსში პირველი ადგილი ქ. ფოთის პირველი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ არჩილ გვასალიამ დაიკავა, მეორე ადგილზე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თათია მიგინეიშვილი გავიდა, მესამე ადგილი კი ხობის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლემ ნოდარ ქირიამ მოიპოვა. კონკურსის მონაწილეებს საკუთარ ნაშრომებში უნდა აღეწერათ, თუ როგორ ესმით მათ საქართველოს ევროპული არჩევანი, რას უნდა ელოდნენ ევროკავშირისგან, რას გულისხმობს ევროსტანდარტებთან დაახლოება. კონკურსის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს წიგნები, სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

22-05-2018