საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ესტონეთის ელჩმა საინფორმაციო ცენტრის პროექტში გამარჯვებულებს უმასპინძლა

საქართველოში ესტონეთის ელჩმა კაი კაარელსონმა პროექტის "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გამარჯვებულებს ესტონეთის საელჩოში უმასპინძლა. ელჩმა და საელჩოს თანამშრომლებმა სტუმრებს ევროკავშირში ესტონეთის წევრობის გამოცდილება, ქართულ-ესტონური ურთიერთობები და ესტონეთის ისტორია გააცნეს.
 
სსიპ-ის " საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" პროექტის გამარჯვებული 10 პედაგოგი კვირის ბოლოს ესტონეთში სასწავლო ვიზიტით გამოცდილების გაზიარების მიზნით გაემგზავრებიან.
 
პედაგოგებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის ფარგლებში, ესტონეთში ისინი ეწვევიან სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებას, საჯარო და კერძო სკოლებს, შეხვდებიან ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს წარმომადგენლებსა და კოლეგებს, გაეცნობიან ესტონური სწავლების პრაქტიკასა და მეთოდებს. ვიზიტი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სასწავლო ვიზიტი სსიპ-ის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით მესამეჯერ ხორციელდება.
 
პედაგოგები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან არიან, მათ შორის მარნეულიდან, სურამიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, თბილისიდან, ასევე სოფლებიდან კისისხევი, ჩოჩხათი, წინანდალი, ზოდი და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ზედღულეთი.

30-05-2018