საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ესტონეთში, პედაგოგებისთვის სასწავლო ვიზიტი მიმდინარეობს

4 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით, ტალინში, ესტონეთში მასწავლებლებისთვის სასწავლო ვიზიტი იმართება. ვიზიტში პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულები მონაწილეობენ. ვიზიტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ესტონური განათლების სისტემის, მიმდინარე რეფორმების შესახებ და ამ კუთხით ესტონური გამოცდილების გაზიარება.

მასწავლებლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი მასპინძლობს. პედაგოგები უკვე შეხვდნენ ესტონეთში საქართველოს ელჩს თეა ახვლედიანს, ტალინის მასწავლებელთა ეროვნული გაზეთის რედაქტორს რაივო იურააკს, ყოფილ მასწავლებელსა და ამჟამად ესტონეთის პარლამენტის დეპუტატს ტომას იურგერშტაინს. ასევე, მონაწილეები ეწვივნენ ტალინის  გუსტავ ადოლფის სახელობის პირველი გიმნაზიის მუზეუმსა და ესტონეთის პარლამენტს.

დღის ბოლოს, პედაგოგებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის ხელმძღვანელმა იან რაინჰოლდმა, მისმა მოადგილემ ტინა ილსენმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს დესკის წარმომადგენელმა კადრი ლეპმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლეს. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე რეფორმებში ესტონეთის დახმარება, ქართულ-ესტონური ურთიერთობები და პროგრესი განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ესტონურ საჯარო სკოლებსა და გიმნაზიებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურ ცენტრში, შეხვედრა ქალაქ ვილიანდის ყოფილ მერთან, ვილიანდის გიმნაზიაში, შეხვედრა პროექტის „დაბრუნება სკოლაში“ ხელმძღვანელთან, ადგილობრივ ორგანიზაციაში, რომელიც გლობალური განათლების, განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით მუშაობს.

სასწავლო ვიზიტი პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებულებისთვის იმართება. პროექტი მეხუთე წელია ხორციელდება და მასში გამარჯვებული მონაწილეები გამოცდილების გაზიარების მიზნით, ესტონეთში მესამედ გაემგზავრნენ. სასწავლო ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრისა და სსიპ-ის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით, საქართველოში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

08-06-2018