საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პედაგოგებისთვის სასწავლო ვიზიტი ესტონეთში დასრულდა

პედაგოგებისთვის სასწავლო ვიზიტი ესტონეთში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში, მასწავლებლები ეწვივნენ პეეტრის საჯარო სკოლას, გაეცნენ სკოლის მუშაობის პრინციპებს და დაათვალიერეს სკოლის ინფრასტრუქტურა. პედაგოგები ასევე შეხვდნენ  სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორებს და მიიღეს ინფორმაცია ესტონეთში განათლების სისტემაში ინტეგრირებული, ასევე არაფორმალური განათლების სფეროში მიმდინარე აქტივობების შესახებ. 
ვიზიტის ფარგლებში, პედაგოგები ესტუმრნენ ქალაქ ვილიანდს და გაეცნენ ქალაქის განვითარების ეტაპებს. სტუმრებს ვილიანდის ყოფილმა მერმა ანდო კივიბერგმა უმასპინძლა, რომელმაც პედაგოგებს ქალაქის განვითარებაში ევროკავშირის დახმარებით მიღწეულ პროგრესსა და სარგებელზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა ესტონეთის ევროკავშირში გაწევრების შემდეგ მიღწეულ შედეგებზე. მოგვიანებით, მასწავლებლები ვილიანდის გიმნაზიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ესტონური განათლების მოდელის, მიმდინარე რეფორმებისა და სკოლის მუშაობის სპეციფიკის შესახებ. 
სასწავლო ვიზიტი ესტონეთში 4-8 ივნისს მიმდინარეობდა. ვიზიტში  პროექტის "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" გამარჯვებულები მონაწილეობდნენ, რომლებიც ოთხი დღის განმავლობაში ესტონური განათლების სისტემას, მიმდინარე რეფორმებსა და ინიციატივებს, ასევე განათლების სფეროში ესტონურ გამოცდილებას გაეცნენ. 
სასწავლო ვიზიტი ესტონეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრისა და სსიპ-ის " საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" ორგანიზებით, საქართველოში ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით მესამედ გაიმართა.

08-06-2018