საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს

„ღირსეული პარტნიორი 2018“ დაიწყო!

 

„ძალა პარტნიორობაშია“ - ამ მთავარი გზავნილით საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნა ვაზიანის აეროდრომზე ოფიციალურად გაიხსნა, სადაც სწავლებაში ჩართული ცამეტივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მონაწილე ტექნიკაა მოწყობილი. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ ამერიკელი გენერლები.

 

სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილით დაღუპული სამხედროებისთვის პატივის მიგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს და საერთაშორისო მრავალეროვნული წვრთნისა და პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და აშშ-ის ეროვნული გვარდიის ბიუროს მეთაურმა, გენერალმა ჯოზეფ ლინგელმა.

 

„სწავლების სახელწოდება „ღირსეული პარტნიორი“ ჩვენი ჯარისკაცების სიმამაცისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია. ეს სწავლება, სწორედ ჩვენი ერთობლივი ღირსეული პარტნიორობის სიმბოლოა“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნის ცერემონიალზე.

 

მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ მზარდი დინამიკით გამოირჩევა. „თუკი 2017 წელს სწავლებაში მონაწილეობა 2800 სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, 2018 წელს მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 3000-ს აჭარბებს. ასევე, გაზრდილია მონაწილე ქვეყნების რაოდენობა. გაზრდილია სწავლებაში მონაწილე ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციისა და გერმანული ჯავშანტექნიკის რაოდენობაც“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

მინისტრის განცხადებით, 2015 წლიდან, აშშ და საქართველო, ყოველწლიურად, ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან მრავალეროვნულ სწავლებას ახორციელებენ, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე 17 სწავლებათაგან ერთ-ერთია: „სწავლებათა ციკლი შავი ზღვის რეგიონის 7 ქვეყნის ტერიტორიაზე იმართება და მათში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 40,000 -მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ქართველმა სამხედროებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა გერმანიასა და უკრაინაში გამართულ საერთაშორისო სწავლება “DYNAMIC FRONT”, „COMBINED RESOLVE“ და „SEA BREEZE - ში, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში დაგეგმილ 4 საერთაშორისო სწავლებაში: “PLATINUM LION”; “PLATINUM EAGLE”; “RAPID TRIDENT”; “SABER JUNCTION”.“

 

„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი ქართველი, ამერიკელი და გერმანელი სამხედროების საჰაერო სადესანტო ოპერაციით გაგრძელდება. დესანტირების ჯგუფის მიზანი იმიტირებული მოწინააღმდეგის განადგურება - ბუნკერის გაწმენდაა. ოპერაციის დაშვების ზონაში სადესანტო ჯგუფი „შავი ქორის“ ვერტმფრენებით ჩამოქვეითდება. სამხედროების ერთი ნაწილი საცეცხლე მხარდაჭერას განახორციელებს, ხოლო მეორე - სამანევრო ოპერაციის შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი.

 

გახსნის ოფიციალური ცერემონიალის დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს ვაზიანის აეროდრომზე სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან გასაუბრებისა და ტექნიკის დათვალიერების საშუალება მიეცემათ. ღონისძიებას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებიც ესწრებიან.

 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.

 

„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. მრავალეროვნულ წვრთნებს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე ხელმძღვანელობს.

 

მრავალეროვნული სამხედრო სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომაც, სწავლების მთავარი გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. სწავლება კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.

01-08-2018