საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
აჭარაში პროექტის „ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ქედის კულტურის ცენტრში, პროექტ „ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა და პროექტის მონაწილეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა. პროექტი აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების 100-ზე მეტ ახალგაზრდას აერთიანებს. საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა: საქართველოს ევროპული გზა, უსაფრთხოება, თავდაცვა, განათლება, ეკოლოგია და სოფლის განვითარება, ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ამ პროცესში ახალგაზრდობის როლის წარმოჩენა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე და ამ შესაძლებლობებით სარგებლობის წესებზე, აგრეთვე ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის წესებსა და იმ სიკეთეებზე, რასაც ვიზალიბერალიზაციის პროცესი გვთავაზობს.

 

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, ასევე, ისაუბრა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის მეთოდებზე. ახალგაზრდებს პრეზენტაცია წარუდგინა საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს მოხალისემ, ევროკავშირის პროგრამა „Erasmus+” -ის მონაწილემ, სოსო მაკარაძემაც, რომელმაც საინფორმაციო ცენტრის აქტივობებზე და მათში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყოფილმა ერაზმუსელმა მსმენელებს ავსტრიის წამყვან უნივერსიტეტში მოხვედრის, სწავლის, პირველი შთაბეჭდილებების და ევროპაში დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებებები გაუზიარა.

 

პროექტის «ახალგაზრდები დადებითი ცვლილებებისთვის“ მიზანი აჭარის რეგიონის ახალგაზრდების კოორდინირება და სოფლად მათი მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა, ამიტომაც, პროექტი რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება და ეტაპობრივად მოეწყობა თემატური სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები და დისკუსიები. გამოცხადდება შემეცნებითი კონკურსები. დასკვნით ეტაპზე კი მოეწყობა ახალგაზრდული ფორუმი, რომელიც პროექტის მიმდინარეობის მანძილზე შერჩეულ აქტივისტებს და გამარჯვებულებს გააერთიანებს.

 

პროექტს ENPARD II-ის პროგრამის ფარგლებში, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ და ა(ა)იპ „ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინასებით ახორციელებს.

13-08-2018