საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა დაიწყო

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა დაიწყო. პროექტში მონაწილეობას უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები იღებენ. საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

საზაფხულო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნა და სტუდენტებს საინფორმაციო ცენტრის მიზნები და ამოცანები გააცნო. ნინო ბოლქვაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ადამიანის უფლებებსა და ევროპული ღირებულებებზე.

 

პროექტის ფარგლებში მონაწილეები სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდებიან. ყურადღება ისეთ საკითხებზე გამახვილდება, როგორებიცაა: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), ნატოს ისტორია ; ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები; ევროკავშირის ისტორია; საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმება, DCFTA ; სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია; მითები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში; ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი; ადამიანის უფლებები და ევროპული ღირებულებები; ევროკავშირის დახმარების პროგრამები.

 

საზაფხულო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მეშვიდედ იმართება და 24 აგვისტოს დასრულდება.

23-08-2018