საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა გაიხსნა!

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა გაიხსნა!

 

სკოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თავად სკოლის იდეის ავტორმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა გახსნეს. იოჰანეს ჰანი თბილისში 3-4 სექტემბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. 

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა საქართველოში არის პირველი სკოლა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა. ეს მართლაც უპრეცედენტო პროექტია, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. 

 

“უდიდესი სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ევროპული სკოლის გახსნის მიზნით ჩამოვედი. ეს არის პროექტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და აღნიშნავს ახალ ეტაპს ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების ურთიერთობაში. ახალგაზრდობისთვის მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება არის წვლილის შეტანა მოსწავლეებისა და მათი ქვეყნების მომავალში, ასევე, ჩვენს ძლიერ და სტაბილურ პარტნიორულ ურთიერთობაში. გარდა ამისა, სკოლის გახსნა ადასტურებს ჩვენს გადაწყვეტილებას, განვახორციელოთ 20 შედეგი 2020 წლისთვის, რომლებიც უმნიშვნელოვანესია აღმოსავლეთის პარტნიორობისთვის და რომლებიც მოქალაქეებს კონკრეტულ სარგებელს მოუტანს”, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

 

სკოლაში, პირველ ეტაპზე, აღმოსავლეთ პარტნიორობაში შემავალი 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, მოლდოვა) 30 სტუდენტი ერთად ისწავლის და იცხოვრებს. მოსწავლეებს სკოლა ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს შესთავაზებს და ხელს შეუწყობს მულტიკულტურულ გაცვლებსა და თანამშრომლობას.

 

16 და 17 წლის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ გაკვეთილები მრავალეროვან და მულტიკულტურულ გარემოში და შესაძლებლობა ექნებათ, გაიუმჯობესონ და გაიღრმავონ ცოდნა ევროპის და ევროკავშირის შესახებ. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მდიდარი კლასგარეშე პროგრამა და საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საკითხებისადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციებში. სკოლის დამთავრებისას მოსწავლეები მიიღებენ საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს ევროპეისტიკის განხრით.

 

ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შერჩევით, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლა საწყის ეტაპზე განთავსდა კერძო “ახალი სკოლის” ბაზაზე. მომავალში კი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ევროპული სკოლისთვის ახალი შენობა აშენდება ნაკვეთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით იქნა გამოყოფილი. (წყარო)

04-09-2018