საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რა შედეგები მოიტანა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადამ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ?

400-მდე სკოლა, 600-მდე პედაგოგი და 3300-მდე მოსწავლე - ეს ნატოსა და ევროკავშირის თემაზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ბენეფიციართა რაოდენობაა.

რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე ოლიმპიადამ საქართველოს 10 ქალაქი მოიცვა და 60 გამარჯვებული გამოავლინა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კინგსი საქართველოს ერთობლივმა პროექტმა წარმატებით ჩაიარა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, 3300-ზე მეტმა ახალგაზრდამ მეტი იცის ნატოსა და ევროკავშირის მიზნების, ამოცანების, ორგანიზაციების მუშაობის პრინციპების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ.

 

ოლიმპიადის მასშტაბურობაზე საუბრობს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე:

„ჩვენი ცენტრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს იმ სარგებლის შესახებ, რაც საქართველოს აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას  მოაქვს. ოლიმპიადა კი ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა იყო, ამ რაოდენობის ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის სრულყოფილად და ამომწურავად მიგვეწოდებინა ინფორმაცია. საბოლოო შედეგებით, ოლიმპიადაზე 4300-მდე მოსწავლე დარეგისტრირდა, აქედან პირველ ტურში 3300-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, ხოლო ფინალურ ტურში 2600-მდე მონაწილე გადავიდა. გამოვლინდა 60 გამარჯვებული, რომლებიც ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ვიზიტით დავაჯილდოვეთ.  თუ რას ემსახურება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, როგორ მუშაობს ნატო და ევროკავშირი, რომელი წლიდან დაიწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, ან თუნდაც რამდენი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის წევრი - ამ და სხვა ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს ოლიმპიადის მონაწილეებს თავისუფლად შეუძლიათ“, - აღნიშნავს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე.

 

ოლიმპიადის ჩატარების იდეა ჯერ კიდევ 2017 წლის შემოდგომაზე გაჩნდა, ევროკავშირში/შენგენის ზონაში საქართველოსთვის გახსნილი ახალი შესაძლებლობის ვიზალიბერალიზაციის შემდეგ.

 

„გვსურდა, ამ პროცესის დადებითი შედეგების შესახებ მიგვეწვდინა ხმა მოსწავლეთა საკმაოდ დიდ რაოდენობასთან. საერთაშორისო მათემატიკის ოლიმპიადაზე, რომლისრა შედეგები მოიტანა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადამ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ? ფარგლებშიც კინგსმა და ცენტრმა პირველად ითანამშრომლეს.  ჩავატარეთ პიარკამპანია და მოსწავლეებს სახალისო და ადაპტირებული ფორმატით ვაზეიმეთ ვიზალიბერალიზაცია. ჩვენი მიზანი იყო, მათ საკუთარ თავზე ეგრძნოთ ის სიხარული და პასუხისმგებლობა, რაც ამ მოვლენას საქართველოსთვის და უპირველესად მომავალი თაობისთვის ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ მიმართულებით მოსწავლეებში ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო“, - აღნიშნავს ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორი, კინგსი საქართველოს წარმომადგენელი დავით გვეტაძე.

 

როგორც დავითი განმარტავს, ამის შემდეგ გაჩნდა იდეა კონკრეტულად ნატოსა და ევროკავშირის საკითხებზე ჩატარებულიყო ოლიმპიადა.

„ჩვენ წინაშე იდგა ამოცანა გაგვეკეთებინა განსხვავებული, საინტერესო, და მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ ცოდნასა და გამოცდილებას მისცემდა და მათში გამოიწვევდა ინტერესის გაღვივებას სამოქალაქო პასუხისმგებლობის კუთხით. ეს ამოცანა კი იმით გადავჭერით, რომ ოლიმპიადა მთლიანად ნატოსა და ევროკავშირის თემას მიეძღვნა“,- აღნიშნავს დავითი.

 

რა შედეგები მოიტანა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადამ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ?პროექტის მნიშვნელობაზე თავად ოლიმპიადის მონაწილეებიც საუბრობენ.

„კინგსის სამოქალაქო ოლიმპიადამ, ჩემი სამოქალაქო აზროვნების ჩამოყალიბებაში  უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. ნატოსა და ევროკავშირზე მეტის გასაგებად, მართლაც მნიშვნელოვანი იყო ოლიმპიადის ფარგლებში მოწოდებული ინფორმაცია. ხალხში გავრცელებულია სხვადასხვა სტერეოტიპული დამოკიდებულება ამ ორგანიზაციებზე. ოლიმპიადამ კი მომცა სწორი ცოდნა და ჩემი დამოკიდებულება. საქართველოს ყველა მოქალაქე თუ სწორად გაიაზრებს ნატოსა და ევროკავშირის პრინციპებს და ღირებულებებს, მიხვდება, რომ ეს სულაც არაა ცუდი და საქართველოსთვის მომგებიანია. მაშინ, ჩვენ მართლაც გავხდებით დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, - აღნიშნავს საბა გრიგალაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხევის საჯარო სკოლიდან.

„თუ გვსურს შევქმნათ ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო, აუცილებელია, გაგვაჩნდეს მტკიცე სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებისგან შედგება, ასეთი სოციუმის შექმნას კი ახალგაზრდებისთვის განხორციელებული მსგავსი პროდუქტიული და წამახალისებელი პროექტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს”, - აღნიშნავს ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებული ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ დანგაძე.

 

როგორც აღვნიშნეთ, მოსწავლეების მომზადებასა და სტიმულირებაში აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო განათლების 600-მდე პედაგოგი. 106-ე საჯარო სკოლისრა შედეგები მოიტანა სამოქალაქო განათლების ოლიმპიადამ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ? პედაგოგის ლელა ნაყოფიას ორი მოსწავლე გამარჯვებულთა რიგებში მოხვდნენ და საპრიზო ადგილებიც დაიკავეს.  „ნატოსა და ევროკავშირის წევრობა ეს არის საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული არჩევანი. ეს არჩევანი კი არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების მომტანი. სწორედ ამ არჩევანის გასაცნობიერებლად მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში მონაწილეობის მიღება. ოლიმპიადაში ჩართვამ და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩემი სკოლიდან ჩართულობა მაღალი იყო, მარიამ და გუგა ცუხიშვილები ათეულში მოხვდნენ, მარიამი საპრიზო ადგილზეც კი გავიდა”.

 

ოლიმპიადის დასასრულს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ინიციატივით გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ორი დღით გაემგზავრნენ. ბანაკის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და არაფორმალური განათლების სფეროში აპრობირებულ აქტივობებში ჩაერთვნენ. მონაწილეებმა ექსპერტებისგანაც მოისმინეს ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.

 

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა იყო პირველი მცდელობა, ასეთი მასშტაბური სახით ჩართულიყვნენ მოსწავლეები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

 „ვფიქრობ, რომ პროექტი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, როგორც ორგანიზაციისთვის, ასევე სასკოლო სოციუმისთვის. ამიტომ, ვგეგმავთ როგორც მომდევნო ნაბიჯებს, ისე პროექტის განვითარებას“, - აღნიშნავს დავითი.

 

„ვფიქრობთ, რომ პროექტი შედგა და ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი მასშტაბური პროექტების როგორც ინიციატორები, ისე მხარდამჭერები მომავალშიც ვიქნებით“,- აღნიშნავს ნინო ბოლქვაძე.

 

05-09-2018