საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე ბათუმში

ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ამჯერად ევროპის დღის აღსანიშნავად გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები ბათუმში ანბანის კოშკთან გაიმართა. მოეწყო „ევრო სოფელი“, რომლის ფარგლებშიც შედგა სხვადასხვა აქტივობა ღია ცის ქვეშ. საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით „ევრო სოფელში“ უვიზო მიმოსვლით მოგზაურობის წესებზე სიმულაციური დადგმა მოეწყო. სიმულაციის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია უვიზოდ მოგზაურობის შესახებ.

 

იუსტიციის სახლის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სასაზღვრო კონტროლის სახით წარმოდგენილ სტენდებთან სტუმრები გაეცნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას, მიიღეს საჭირო დოკუმენტები, იმიტირებულ პასპორტში ბეჭდის ჩარტყმის შემდეგ სიმბოლურად გადალახეს საზღვარი და მოხვდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

 

„ევროპის დღის“ მონაწილეებსა და ვიზიტორებს ღონისძიების საპატიო სტუმარი ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიესალმა, ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ბათუმის ანბანის კოშკთან შეკრებილი უამრავი ადამიანი კიდევ ერთი დადასტურებაა იმ ურყევი ნებისა, რასაც ქართველი ხალხის ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა ჰქვია.

 

ანბანის კოშკის ტერიტორიაზე ინფორმაციული და გასართობი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ღონისძიებაზე თემატური სტენდები საქართველოში ევროკავშირის პროგრამებსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს ასახავდნენ და იმ შესაძლებლობებს წარმოადგენდნენ, რომლებსაც ისინი საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობენ.

 

ევროპის დღეების წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. ღონისძიება საღამოს ღია ცის ქვეშ ნათია თოდუას და „ვაკის პარკის“ კონცერტით დასრულდა.

13-10-2018