საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
22 ოქტომბერს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სსიპ-ისთვის გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება

22 ოქტომბერს, 12:30 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ-ისთვის „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი“ გაცემული ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარების ფარგლებში დაგეგმილი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
 
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბედ რუდი მიმართავენ. პროექტს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე წარადგენს. ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
 
18 თვიანი პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება.
 
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ ანტი-დასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის მედეგობის გაძლიერებისა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების ეფექტიანი კომუნიკაციის მიზნით მიიღო.

21-10-2018