საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნინო ბოლქვაძემ კონფერენციის "ეს არ არის კონფერენცია" პანელზე მიიღო მონაწილეობა

ეს არ არის კონფერენცია - ამ სახელწოდებით დემოკრატიის ლაბორატორიამ ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახალგაზრდების მედიაწიგნიერებისთვის ახალი პროექტი დაიწყო. 

 

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველგან ინფორმაციაა, მაგრამ ყველა ინფორმაცია არ არის ინფორმაცია. სადაც ათასობით მედიაა, მაგრამ ყველა მედია არ არის მედია. სადაც თითოეული ჩვენგანი ინფორმაციის მომხმარებელია, მაგრამ არ არის მხოლოდ მომხმარებელი. სადაც ყველას შეუძლია იყოს ინფორმაციის წყაროც, მედიაც და მოხმარებელიც ერთდროულად. როგორ გადავრჩეთ ასეთ სამყაროში? სად გავარჩიოთ ტყუილ-მართალი? როგორ გავუმკლავდეთ გამოწვევებს? ამ კითხვებზე საპასუხოდ 20-21 ნოემბერს სამოქალაქო და საჯარო სექტორის, განათლებისა და მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები და მკვლევარები კონფერენციაზე შეიკრიბნენ.

 

კონფერენციის პირველი დღის მუშაობაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრიც ჩაერთო. საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ კონფერენციის პანელზე მიიღო მონაწილეობა. პანელზე ასევე მონაწილეობდნენ: დავით რაქვიაშვილი - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიორგი მოლოდინი - სტრატეგიული კვლევების ცენტრი - საქართველოს ხელმძღვანელი, თამარ კინწურაშვილი - მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან რეხვიაშვილი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი და ნატა ძველიშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი. პანელს მოდერატორობას  ფორმულა კრეატივის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელი სალომე ბარკერი უწევდა.

 

პანელზე მედია წიგნიერების მნიშვნელობაზე, მცდარი ინფორმაციისა და პროპაგანდის კუთხით  საქართველოში არსებულ გამოწვევებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის არსებულ პრაქტიკასა და გამოცდილებაზე იმსჯელეს. ნინო ბოლქვაძემ ცენტრის მუშაობის მთავარ მიმართულებებზე, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში ცენტრის მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება. პანელი დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. 

 

მეორე დღეს სხვადასხვა გამოცდილების, ცოდნის, უნარებისა და ხედვის მქონე პროფესიონალების სამუშაო ჯგუფი ახალი იდეებისა და გადაწყვეტების გენერირებისთვის შეიკრიბა. ექსპერტები და არასამთავრობო სექტორი, მედია და კომუნიკაციის სპეციალისტები, კრეატიული ინდუსტრიის და განათლების სფეროს წარმომადგენლები, ე.წ. ინფლუენსერები და მკვლევარები, ლექტორები და სტუდენტები გააერთიანებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი, პრაქტიკული და ქმედითი ციფრული პლატფორმა, რომელიც საქართველოში, და წარმატების შემთხვევაში, მის ფარგლებს გარეთ ახალგაზრდებში მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესების ინსტრუმენტი გახდება.

 

პროექტის მიზანია ახალგაზრდებში აამაღლოს მედია წიგნიერების და კრიტიკული აზროვნების დონე, კერძოდ, დააფიქროს იმაზე, რომ ყველაფერი რაც ტრადიციულ, ონლაინ თუ სოციალურ მედიაში ვრცელდება, სიმართლე არ არის და “share” ღილაკზე თითის დაჭერა პასუხისმგებლობაა. 

  

კონფერენცია, სახელწოდებით - „ეს არ არის კონფერენცია“ ორწლიანი პროექტის ნაწილია, რომელსაც დემოკრატიის ლაბორატორია საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, Digital Communication Network-თან და Forset-თან თანამშრომლობით ახორციელებს.

22-11-2018