საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში

დღეს საქართველო საერთაშორისო არენაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამონაწილეა. საქართველოს უსაფრთხოება გლობალური უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილი პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დანაყოფები დაკისრებულ მისიას სამაგალითოდ ასრულებენ ყველგან, სადაც ამის აუცილებლობა დგება. საქართველოს მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში 1999 წელს იღებს სათავეს. კოსოვო, ერაყი, ავღანეთი - ამ მისიებში საქართველოს რამდენიმე ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით სამხედრო მოსამსახურეები საუკეთესო წვრთნებს გადიან და მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში უნიკალურ საბრძოლო გამოცდილებას იღებენ. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა ნატოს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ერთად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებასა და ნატოსთან სრული თავსებადობის მიღწევას.
ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც თანამედროვე, მსოფლიოს წამყვან სამხედრო ძალებთან თავსებადი, მობილური ჯარი; დღეს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები წარმოადგენენ კარგად გაწვრთნილ, სათანადოდ აღჭურვილ და მოტივირებულ პროფესიონალებს. მათ სჯერათ, რომ სამშობლოდან შორს, ისინი ემსახურებიან საერ- თაშორისო მშვიდობას და უპირველესად, საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

30-12-2016