საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სემინარი პანკისელი პედაგოგებისთვის

20-21 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში პანკისის ხეობის საჯარო სკოლის პედაგოგებისა და დირექტორებისთვის საგანმანათლებლო სემინარი იმართება.

 

სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა ელჩმა კარლ ჰარცელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მიმართეს.

 

სემინარს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების 20 პედაგოგი და დირექტორი ესწრება. ორი დღის განმავლობაში პედაგოგები გაეცნობიან ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის საკითხებს და სხვ.

 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი საქართველოს მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ყველას უნდა ესმოდეს ამ პროცესის მნიშვნელობა და ყველას ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა ინფორმაციაზე. ამ მხრივ, პანკისის ხეობაში ბევრი აქტივობა არ იყო, ამიტომ ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა და რა თქმა უნდა, სამომავლო გაგრძელებაც ექნება", - აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ. 

 

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, პედაგოგებს ექნებათ ძალიან ინტენსიური სამუშაო ორი დღე, სადაც აქტიურად გაეცნობიან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

"გვექნება ორდღიანი ძალიან ინტენსიური მუშაობა პედაგოგებთან, ხოლო თებერვალში ვაპირებთ, რომ ამ მასწავლებლებისა  და დირექტორებისთვის მომზადდეს სპეციალური სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ისინი უკვე ადგილზე გაეცნობიან, თუ რას ნიშნავს ევროკავშირი, როგორ მუშაობენ ევროკავშირის ინსტიტუტები და რაც მთავარია, რას ნიშნავს ევროკავშირთან ჩვენი ასოცირება, რა სარგებელი აქვს მას ჩვენი მოსახლეობისთვის", - აღნიშნა ქეთი ციხელაშვილმა.

 

პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმირებულობას, ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. პროგრამის პირველი ეტაპი ითვალისწინებს პანკისელი პედაგოგების გადამზადებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. პროგრამის მეორე ეტაპზე, პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრებიან.

 

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. პროექტს მხარს უჭერენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

 

 

20-12-2018